27 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
უკრაინაში 178-ე დღე კვლავ საჰაერო განგაშის სიგნალით დაიწყო - რა ვითარებაა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე

უკრაინაში 178-ე დღე კვლავ საჰაერო განგაშის სიგნალით დაიწყო. ხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმოდა. უკრაინის ატომური ენერგიის ეროვნული კომპანიის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რადიაციის გაჟონვისა და ხანძრის გაჩენის რისკის ქვეშაა.

ცნობილია ისიც, რომ უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა თანხმობა განაცხადეს, ვითარების შესამოწმებლად ადგილზე, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენლები დაუშვან. ფაქტს მიესალმება სააგენტოს გენერალური დირექტორი და უკრაინის პრეზიდენტიც.

ზაპოროჟიეს ელექტრო სადგურზე არსებული ვითარება დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, ტობიას ელვუდის ყურადღების ქვეშ მოექცა. მისი თქმით, თუკი თავდასხმა, სადგურზე რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს, ეს აღიქმება, როგორც თავდასხმა ნატო-ს წევრ სახელმწიფოზე.შეშფოთებას იზიარებენ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესშიც.

გამთენიისას რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში. არსებული ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ღამით ოკუპანტებმა რაკეტები გაისროლეს ხარკივის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართულებითაც.

17-ჯერ დაიბომბა დონეცკის ოლქი, მათ შორის ბახმუტისა და ავდივკას დასახლებები. გასული დღე-ღამის განმავლობაში იერიშებს რეგიონში 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 13. ბრძოლები გრძელდება ლუჰანსკშიც. ოლქის 4 დასახლების მიმდებარედ უკრაინული და რუსული ძალები პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ.

დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქიც. ქალაქ ნიკოპოლში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. S-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს მიკოლაივი, იერიში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა. დაშავებულია ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ოთხი ბავშვია.

პარალელურად, უკრაინის დედაქალაქში, ხრეშჩატიკის მოედანზე უკრაინის მთავრობამ განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის "აღლუმი" მოაწყო.

დღის ამბები