27 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ჩაერთვება თუ არა "სამართლიანი არჩევნები" საარჩევნო რეფორმის ჯგუფში - სამოქალაქო ორგანიზაციას "ქართული ოცნების" უარის შემდეგ ორი ვარიანტი აქვს

ჩაერთვება თუ არა "სამართლიანი არჩევნები" საარჩევნო რეფორმის ჯგუფში - სამოქალაქო ორგანიზაციას "ქართული ოცნების" უარის შემდეგ ორი ვარიანტი აქვს: ან ოპოზიციის ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებში დარჩეს, ან საჯაროდ გაემიჯნოს პოლიტიკურ მოთხოვნებს. ასეთია "ქართული ოცნების" პირობა, რომელიც "ისფედს" წაუყენა. მმართველი გუნდისგან განსხვავებით, "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები "სამართლიან არჩევნებთან" თანამშრომლობას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აპირებენ.

"ნაციონალურ მოძრაობას" პრეტენზია იმ პროცესთან დაკავშირებით აქვს, რომელსაც თავად ბოიკოტს უცხადებს. საარჩევნო კოდექსის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე სამართლიანი არჩევნებისთვის ნათქვამი უარი პარტიისთვის სამოქალაქო ორგანიზაციაზე თავდასხმას ნიშნავს. უმრავლესობის გადაწყვეტილება მათი ოპონენტებისთვის კიდევ ერთი საფუძველია ისაუბრონ იმაზე, რომ ხელისუფლების ინტერესი არც პროცესის ინკლუზიურობა და არც სტატუსის მიღებაა.

ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობს მმართველი გუნდი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ტყუილში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი სამუშაო ჯგუფების მიღმა არა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, არამედ შეთანხმებული პროცედურების გამო აღმოჩნდა.

პლატფორმის წევრი რომ არ არის, ამას ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, თუმცა მისთვის მაინც გაუგებარია, რატომ ვერ მოხვდა ჯგუფებში. ის განმარტავს, რომ სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დიდი სურვილი და შესაბამისი გამოცდილება აქვს.

იგივე პოზიცია აქვს სამართლიან არჩევნებსაც, თუმცა ამაზე დღეს ორგანიზაციაში განცხადება აღარ გაუკეთებიათ. მათ მიმართ კი სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოხატეს ხელისუფლების ოპონენტებმა - მათ, ვინც პარალელურ პროცესში ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.

რა კითხვები აქვს მმართველ პარტიას სამართლიან არჩევნებთან - ამაზე დღესაც გაკეთდა განმარტებები. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ორგანიზაცია პოლიტიკურ მოთხოვნებს არ ემიჯნება, რაც სამუშაო ჯგუფებში მათი ჩართვის შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფს.

დიპლომატიურმა მისიამ კი ამ პოლიტიკური განცხადებების ფონზე ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მიწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა, არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით. ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა, სადაც ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაც არის მითითებული, რომ აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - მეათე პუნქტი ნახსენებია ამერიკის საელჩოს განცხადებაშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნების არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონკრეტულ რეკომენდაციას. ნათქვამია ისიც, რომ "ისფედი" ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა.

დღის ამბები