27 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
"კურიერმა" დღეს იმ პირის ვინაობა დაადგინა, რომელმაც რადიოაქტიური ნივთიერება მოიპოვა - რა წერია ბრალდებულების ჩვენებებში

"კურიერმა" დღეს იმ პირის ვინაობა დაადგინა, რომელმაც რადიოაქტიური ნივთიერება მოიპოვა, შემდეგ კი 2 სხვა პირთან ერთად მისი გასაღება სცადა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ სოფელ ბადიაურში ამოღებული 8 კონტეინერიდან, 7-ში თხევადი ნივთიერება იყო. ბრალდებულის სახლის სიახლოვეს, მისივე კუთვნილ ტერიტორიაზე, თივის ზვინის ქვეშ ერთ ცალ კოლბაში გლიცერინი ინახებოდა, რაც ტოქსიკური ნივთიერება არ არის, მაგრამ სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდა ამოღებული 5 კონტეინერი, რომელშიც თხევადი ალფა- ბეტა გამოსხივების რადიოაქტიური ნივთიერება ინახებოდა.

ბრალდებული ინახავდა კიდევ 2 კონტეინერს, რომელშიც განთავსებული იყო გამა გამოსხივების მქონე სითხე. "კურიერის" მიერ მოპოვებულ ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ნივთიერებებთან უშუალო ხანგრძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ექსპერტიზის იმ დასკვნაში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, არაფერია ნათქვამი ზღვის უბანში ამოღებული სხვადასხვა ნივთიერების შესახებ. "კურიერმა" გაარკვია, რომ კახეთში რადიოაქტიური ნივთიერებები, ლამბალოს სკოლის დირექტორმა თბილისიდან ჩაიტანა, მას ნივთიერება ზურაბ გოდაძემ გადასცა. სწორედ გოდაძეა მამაკაცი, რომელმაც 2012 წელს დიღომში, ჯართის ბაზრობაზე 2 ჩაკეტილი სეიფი იყიდა, სახლში გახსნის შედეგ კი 10 სხვადასხვა მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინა.

"ბალგალკით" გავაღე ორივე სეიფი. ერთ-ერთი სეიფი ცარიელი იყო, ხოლო მეორეში ჩემთვის უცნობი შხამიანი, მომწამვლელი ნივთიერებები აღმოვაჩინე. კერძოდ აღმოვაჩინე 1 ცალი თუნუქის კოლოფი, 1 ცალი შპრიცი, 1 ცალი კოლბა მასში მოთავსებული უცხო სითხით, 5 ცალი ცილინდრული ფორმის საგანი და სხვა. მე მათი თვისობრიობის შესახებ მივხვდი ყუთებზე დატანილი წარწერებით. ... მომწამლავი ნივთიერებები შენახული მქონდა გარკვეული პერიოდი.

...ვვარაუდობდი, რომ ის ნივთიერებები იყო ძვირადღირებული, რადგან წარწერები ჰქონდა რუსულ ენაზე და ეწერა C14, რაც, ჩემი წარმოდგენით, საშიშ ნივთიერებად ითვლებოდა," - აღნიშნავს ზურა გოდაძე ჩვენებაში.

გოდაძე, ამ გამოკითხვის შედეგ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი საცხოვრებელი სახლიდან, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნივთიერებები. "კურიერმა" გაარკვია, რომ გოდაძე, ნაპოვნი მავნე ნივთირებების შესახებ მხოლოდ 2020 წელს ალაპარაკდა და მეგობარ, ლამბალოს სკოლის დირექტორს რადიაციული ნივთიერებების გაყიდვა შესთავაზა. დავით როსტომაშვილი შეთავაზებას დათანხმდა და კლიენტების პოვნა თანასოფლელ თამაზ გურგენიშვილს დაავალა.

"...ჩამოვედი თბილისში ზურაბ გოდაძის სახლში. გოდაძემ გადმომცა ერთი ცალი გამჭვირვალე კოლბა, რომელშიც ესხა გამჭვირვალე სითხე, ასევე, ხუთი, ან ექვსი ცალი შავი ფერის მცირე ზომის ბოჩკის ფორმის საგანი, რომელშიც არ ვიცი რა ნივთიერება იყო მოთავსებული. ზურამ მითხრა, რომ ზემოთხსენებულ საგანში მოთავსებული იყო ძვირადღირებული მომწამლავი ნივთიერებები და მითხრა რომ მათი ღირებულება დაახლოებით 700 000 დოლარს შეადგენს," - ამბობს დავით როსტომაშვილი ჩვენებაში.

პირველწყარომ, როსტიაშვილს მომწამლავი ნივთიერების საფასური 700 ათასი დოლარი უთხრა. იგივე ფასი დაასახელა სკოლის დირექტორმა გურგენიშვილთან, მაგრამ მყიდველი მანამ ვერ იპოვეს, ვიდრე საქმეში კიდევ ერთი პირი, ბესარიონ ალუღიშვილი არ ჩაერთო. მან თანასოფლელებს ადამიანისთვის საშიში და მომწამლავი ნივთიერების გაყიდვა არა 700 ათას, არამედ 1 მილიონ 500 ათასად შესთავაზა.

"ბესო ალუღიშვილი მითხრა, რომ შეეცდებოდა მოეძებნა ისეთი კლიენტი, რომელიც ხსენებულ ნივთიერებაში "ციანიდში" გადაიხდიდა გაცილებით მეტს, დაახლოებით 1 500 000 აშშ დოლარს, რადგან რეალიზაციის შედეგად მიგვეღო მეტი სარგებელი," - აღნიშნავს ჩვენებაში დავით როსტომაშვილი.

ბესარიონ ალუღიშვილმა მომხმარებელი მართლაც იპოვა. ეთნიკურად აზერბაიჯანელი ოკტაი ბაირამოვი ვირთხის საწამლავს ეძებდა, რაშიც მას ახლა უკვე ბრალდებულებმა ჯერ ციანიდი შესთავაზეს, შემდეგ კი ფასი მილიონ 200 ათასი დოლარი უთხრეს. მომხმარებელმა ფატი საეჭვოდ მიიჩნია, ნივთიერებებს ვიდეო და ფოტო სურათები გადაუღო, შემდეგ კი პოლიციას მიმართა. მამაკაცის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ყველა დაკავებული ბრალს აღიარებს, მაგრამ უარყოფენ, რომ რადიოაქტიურ ნივთიერებას ყიდდნენ. სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ გამოძიება კიდევ ერთი მიმართულებით მუშაობს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ან მასთან დაახლოებული პირი, ფიროსმანისვე დახატულ ფიროსმანის შედევრის ასლს ინახავს და მის გაყიდვას გეგმავს. სოფელში ნიკო ფიროსმანის ტილოს შესახებ არავინ არაფერი იცის.

დღის ამბები