მილიონ ორასი ათასი დოლარის რადიო-აქტიური ნივთიერებების საქმე - სამართალდამცველებმა სამი მამაკაცი თბილისსა და საგარეჯოში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები საკუთარ სახლში ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და ეძებდნენ მყიდველს. ისინი უკანონო მასალის გაყიდვის დროს დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ორგანიზებული ჯგუფი ქალაქ თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ, გამა გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შემუშავებული გეგმის თანახმად, აქტიურად ახორციელებდნენ მყიდველი პირის მოძიებას, რადიოაქტიური ნივთიერებების შენახვის ადგილის სისტემატიური ცვალებადობით ინარჩუნებდნენ კონსპირაციას და საბოლოოდ შეეცადნენ ნივთიერებების 1 მილიონ 200 ათას ამერიკულ დოლარად გასაღებას, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება," - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, გიორგი ქურდაძემ.
ადვოკატ მაიზერ ჩანქსელიანის თქმით, ბრალდებულებს არ ჰქონდათ გათავისებული, თუ რა შედეგები შეიძლება გამოეწვია აღნიშნულ ნივთიერებას.
"მათ იცოდნენ, რა იყო ეს ნივთიერება, მაგრამ არ ჰქონდათ გათავისებული რა შეიძლება მოჰყოლოდა მას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ეს შეიძინა ივლისის თვეში, ჩამოიტანა უფრო სწორედ, იცოდა სადაც იყო და მერე აგვისტოში იწყება ოპერაციების ნაწილი. რეალიზება არ მომხდარა, რეალიზების მცდელობის პროცესში დააკავეს.
არ არის შესყიდული, ეს ვისაც ჰქონდა იქიდან წამოიღო და რომ გაიყიდებოდა ეს იყო დაახლოებით 700 ათასიდან - 1 მილიონ 200 ათას დოლარამდე. ოღონდ მათი კი არ იყო ეს თანხა, ეს იყო რეალიზაციის თანხა, რომლიდანაც მათ რაღაც გარკვეული მოგება უნდა შეხვედროდათ. ეს თანხა არის ერთ-ერთი პირის, მაგრამ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის. ეს ჩამოიტანა თბილისიდან," - აცხადებს ადვოკატი.
კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 73 წლის კაცია, რომელიც თივის ზვინში ინახავდა ნივთიერებას, რაც ციანიდი ეგონა, რეალურად კი დარიშხანი აღმოჩნდა.
"იმ კოლბაში, რომელშიც ისინი ფიქრობდნენ რომ იყო ციანიდი, აღმოჩნდა დარიშხანი, რომელიც არ არის უკანონო ნივთიერება და ამ ნივთიერებას ისინი აფასებდნენ მილიონ 200 ათას დოლარად, რომელიც ფაქტობრივად წყალი აღმოჩნდა. ასევე იყო პატარა კონტეინერები, რომლებშიც, როგორც ექსპერტიზა ამბობს, არის რადიოაქტიური ნივთიერება. მე არ მგონია რომ სერიოზული და აჟიოტაჟის ასატეხი საქმეა, ვინაიდან ადამიანი, რომელსაც მე ვიცავ, არის 73 წლის გლეხი, რომელიც თივის ზვინში ინახავდა ამ ნივთიერებებს, რომლის გაყიდვასაც აპირებდა და რომელზეც იცოდა იმ პირისგან ვინც გადასცა, თქვენ ახსენეთ როსტომაშვილი, რომ იყო ციანიდი და ჰქონდა ძალიან მაღალი ფასი, ეს არის და ეს," - ამბობს ადვოკატი.