27 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ საფრთხის ქვეშაა - ომის 174-ე დღე

რუსეთ-უკრაინის ომის 174-ე დღე ანექსირებულ ყირიმში აფეთქებებით გათენდა. ვიდეომასალა ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარი საბრძოლო მასალის საცავში გაჩენილი ხანძრით ახსნა. ადგილობრივ ე.წ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ აფეთქებები ორ ადგილას – სოფელ მაისკოსა და ქალაქ ჯანკოიში მოხდა. ფაქტს გამოეხმაურნენ უკრაინაშიც.

ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს ვიდეოებსაც თუ როგორ ცდილობენ ისინი მასობრივად ოკუპირებული ყირიმის დატოვებას.

მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხეში არიან, თუმცა, ჯერ სახლებში რჩებიან ზაპოროჟიეს ოლქში. აქ ვითარება უკიდურესად მწვავეა, რადგან ენერგოატომის ინფორმაციით, ბოლო აფეთქების შედეგად ერთი ენერგობლოკი გაითიშა. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა.

უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად ვითარებით შეშფოთებულია საერთაშორისო საზოგადოებაც. გაერო კი მზად არის, მხარი დაუჭიროს ზაპოროჟიეში მისიის გაგზავნას.

ზაპოროჟიეს ოლქის გარდა, კრიტიკული სიტუაციაა ხარკოვში. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის ცენტრალური უბნები ოკუპანტებმა ღამით არაერთხელ დაბომბეს. არტილერიითა და ავიაციით შეუტიეს და თავდასხმა ქალაქის განახორციელეს ხარკოვის 9 რაიონიდან 5-ზე. არიან დაჭრილები.

საოკუპაციო ძალების საარტილერიო იერიშს დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში სულ მცირე სამი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 13 კი დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად განადგურებულია ათობით საცხოვრებელი კორპუსი. აფეთქებები იყო ლუგანსკის ოლქის ქალაქ სლავიანსკშიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მათ შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე რეგიონში წინსვლა აქვთ. უკრაინელმა დამცველებმა ქვეყნის სამხრეთით 23 ოკუპანტი, მათი ორი საყრდენი პუნქტი, იარაღი და აღჭურვილობა გაანადგურეს.

დღის ბოლოს რუსეთმა ისევ დაბომბა ხარკოვი. კვლავ იერიში განხორციელდა ქალაქ ნიკოპოლზე - საცხოვრებელ უბნებზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი. ოკუპანტებმა ქალაქზე თავდასხმა გრადის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან 20 რაკეტის გასროლითა და 10 საარტილერიო ჭურვით განახორციელეს. საღამოს განგაშისა და აფეთქებების ხმა ჩრდილოეთ უკრაინაშიც გაისმა. სარაკეტო დარტყმა რუსეთმა ჟიტომირის რეგიონზე განახორციელა.

დღის ამბები