27 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგ საქართველოში რუსეთის აგრესია საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაგმო - საქართველოს თემა გაეროს უშიშროების საბჭოზე

რუსული აგრესია გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დაგმეს - ამჯერად არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს გამოც. 2008 წლის აგვისტოს ომი და ოკუპაცია უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო. დისკუსიის დასრულების შემდეგ კი, რვა ქვეყანამ საქართველოს მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გააკეთა. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულები, გააუქმოს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და მოახდინოს დროული რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ითქვა, რომ დღეს ომი უკრაინაში არის 2008 წლის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება.

8 ქვეყნის, მათ შორის ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს გახმაურებულ საქმეებზეც. საერთაშორისო პარტნიორებმა მოითხოვეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების პასუხისგებაში მიცემა. შეშფოთება გამოთქვეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს არ ეძლევათ სრულფასოვანი მონიტორინგის საშუალება.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოში რუსეთის ომი და ოკუპაციის საკითხი ბოლო მომენტში დაემატა, რამაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობაში გაურკვევლობა და უკმაყოფილება გამოიწვია.

საკითხის წამოწევა კი ოფიციალური თბილისისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა, რისთვისაც უცხოელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიუ-იორკში გახმოვანებულ მხარდამჭერ გზავნილებს შეფასებები მოჰყვა თბილისშიც.

გაეროში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპაციაზე დისკუსია აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. გენერალური მდივნის მოადგილემ უშიშროების საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

დღის ამბები