27 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
საია ცესკოს წინააღმდეგ - ჩატარდება თუ არა შუალედური არჩევნები სენაკში, საბოლოო სიტყვას საქალაქო სასამართლო ხვალ იტყვის

სენაკის საკრებულოს საკითხს, რომელიც არჩევნების შემდეგ თითქმის ერთი წელია ფაქტობრივად პარალიზებულია, სასამართლო გადაწყვეტს. მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა მანდატი დატოვა, საკრებულო სენაკში უმოქმედო გახდა.

სენაკში 33 წევრიდან, 32 დეპუტატია დარჩენილი, ვაკანსიის შესავსებად კი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედური არჩევნები დანიშნა, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

ცესკოს წარმომადგენლები სასამართლოში შეტანილ სარჩელს, დისკრიმინაციული კამპანიის ნაწილად აღიქვამენ. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათ გადაწყვეტილება საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით მიიღეს.

სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც სენაკის 33 წევრიან საკრებულოში, ერთად მხოლოდ 16 მანდატს ფლობენ და ერთი ხმა მათთვისაც გადამწყვეტია.

ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობენ მმართველ გუნდში და ოპონენტებს კანონმდებლობის გადაკითხვას ურჩევენ.

სენაკის საკრებულოს საქმეს თბილისის მსგავსად სენაკის რაიონული სასამართლოც განიხილავს. სარჩელის ავტორი ამ შემთხვევაში "ქართული ოცნებაა". პარტიამ თებერვალში მიმდინარე პროცესები გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" მტკიცებით, სხდომა ქვორუმის გარეშე ჩატარდა, სადაც ჯერ გახარიას პარტიის დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს, შემდეგ კი თავმჯდომარე აირჩიეს.

ეს ერთადერთი დაპირისპირება არ ყოფილა, სენაკის საკრებულოში ქვორუმის არ არსებობის გამო სხდომა არაერთხელ ჩაიშალა. თვითმმართველ ორგანოში სულ 33 წევრია - აქედან 16 ქართულ ოცნებას, 4 პარტია საქართველოსთვის და 13 ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა. თუმცა მათივე პარტიის წევრის გადაწყვეტილებამ საკრებულოს ბედი შეცვალა. დღის წესრიგში კი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა დააყენა.

ავტორი: იზი ბურნაძე. 

დღის ამბები