27 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
საია სენაკში ცესკო-ს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს - ორგანიზაციამ მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა

საია სენაკში ცესკო-ს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს - ორგანიზაციამ ამ მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სხდომა ამ თემაზე 16 საათზე დაიწყება.

საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.

განცხადებაში მითითებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.

"თუ 6 თვის განმავლობაში არ ტარდება საკრებულოს სხდომები, ამ შემთხვევაში მთავრობას პირდაპირ ვალდებულება აქვს, რომ დაითხოვოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო და ამ შემთხვევაში უკვე პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა შემოვიდეს. ეს არ გაკეთდა და დაინიშნა ნაცვლად ამისა შუალედური არჩევნები, რითაც რეალურად უფრო მეტად მარტივად არის შესაძლებელი ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვოს უმრავლესობა, რომელიც მას სჭირდება," - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი აცხადებს, რომ სენაკის საკრებულოს ერთ-ერთ წევრს ვადაზე ადრე პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება, რის შემდეგაც ცესკო-მ იხელმძღვანელა მოქმედი რეგულაციებით და კანონის სრული დაცვით შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

"მიმდინარე წლის 1 ივნისს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილი იქნა წერილობითი ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, რომლის თანახმად საკრებულოს ერთ-ერთ წევრს ვადაზე ადრე პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება. შესაბამისად, ცესკო-მ იხელმძღვანელა მოქმედი რეგულაციებით და კანონის სრული დაცვით მიიღო შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება. მართალია აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ცესკო-მ იხელმძღვანელა მოქმედი კანონმდებლობით, ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნება დატოვებული," - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

დღის ამბები