27 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
პარლამენტს წარვუდგინეთ შესაბამისი დოკუმენტები, ჩვენი შეფასებები, სადაც კონკრეტულად სისტემურ ხარვეზებზე არის ხაზგასმა გაკეთებული - სიმონიშვილი

სასამართლოს გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, საპროცესო ვადების დაცვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვა და დისციპლინური საკითხები - ეს არის იმ თემების ჩამონათვალი, რაზეც სამუშაო ჯგუფმა დღეს იმსჯელა.

"ჩვენ ვისაუბრეთ იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომლებიც არის სასამართლო სისტემაში, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ სათანადოდ მოხდეს შეფასება იმისა, თუ არა როგორი კანონი გვაქვს, არამედ იმისა თუ როგორ სრულდება ეს კანონი და კანონის იმპლემენტაცია როგორია. ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ შესაბამისი დოკუმენტები, ჩვენი შეფასებები, სადაც, კონკრეტულად, იმ სისტემურ ხარვეზებზე არის ხაზგასმა გაკეთებული,"- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განცხადებით კი, სასამართლოში არსებობს გადატვირთულობის პრობლემა, რომლის გამოც მართლმსაჯულების განხორციელება გარკვეულ წილად ჭიანურდება.

"სამუშაო ჯგუფის წევრთაგან დასახელდა და ჩვენც ვსაუბრობთ ყველა ფორმატში ამაზე, რომ არსებობს საქმეთა გადატვირთულობის, საქმეთა სიმრავლის პრობლემა რის გამოც სასამართლოს სერვისით დაინტერესებული სუბიექტების, ჩვენი მოქალაქეების თუ იურიდიული პირების, მნიშვნელოვნად ზიანდება. გამომდინარე იქედან, რომ მართლმსაჯულების განხორციელება გარკვეულ წილად ჭიანურდება,"-აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

დღის ამბები