ადამინების შანტაჟი ატომური ელექტროსადგურით- სანამ მსოფლიო არკვევს რა ვითარებაა ზაპოროჟიეში და რას აპირებს რუსეთი, კრემლი თამაშის წესებს არ ცვლის. უკრაინაში 172-ე დღეა აფეთქებების ხმა არ წყდება. საოკუპაციო ძალა ომში მყოფი ქვეყნის ქალაქებს ისევ ბომბავს და მშვიდობიან მოსახლეობას მიზანმიმართულად ანადგურებს.
კრემლის სამიზნე დღეს სუმის, ხარკოვისა და მიკოლაევის რაიონები იყო, თუმცა პარალელურად აგრესორები, აღმოსავლეთის ფრონტზე პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ. ვითარება კრიტიკულია ხარკოვის ოლქში, რომელიც თავდასხმების სამიზნე დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება. უკრაინული არმია მტრის შეკავებას ახერხებს სამხრეთის ფრონტზე, სადაც ოკუპანტის ჯარი მძიმე დანაკარგებს განიცდის. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.
დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 10 დაჭრილი კი კლინიკაშია გადაყვანილი. ოკუპანტთა სამიზნე ისევ გახდა ამავე რეგიონში მდებარე ქალაქი კრამატორსკი, სადაც სარაკეტო დარტყმებს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.
ვითარება კრიტიკულია ხარკოვის ოლქში, რომელიც დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება თავდასხმის ეპიცენტრი. რუსეთის საზღვართან მდებარე, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, თითქმის ყველა საცხოვრებელი კორპუსი განადგურებულია.
საოკუპაციო ძალებმა გრადიდან 30-ჯერ გაისროლეს დნეპროპეტროვსკის ოლქის მიმართულებით, დაჭრილია 69 წლის მამაკაცი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზი. კვლავ დაიბომბა ნიკოპოლი, მიკოლაევში კი სარაკეტო იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. დღის ბოლოს, სამიზნე ისევ გახდა ქალაქი ენერგოდარი, ისევ მშვიდობიანი მოქალაქეების სახლები, არის მსხვერპლი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ აღმოსავლეთის ფრონტზე, სამხრეთ ნაწილში კი წინსვლას ვერ ახერხებენ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან. პარალელურად, აგრესორის ჯარებმა სივერსკის რეგიონში შეტევების სიხშირე გაზარდეს.
კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შესაძლო საფრთხეებზე, უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსები ატომურ ელექტროსადგურს ხალხის დასაშინებლად იყენებენ.
თავდაცვითი ოპერაციის გარდა, უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევებსაც განაგრძობენ. შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტების სამ ბაზასა და სამ საბრძოლო საცავს დაარტყეს. დონბასში კი, მეთოთხმეტე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა, 25-მდე რუსი ოკუპანტი და მათი 3 ჯავშანმანქანა გაანადგურეს.