27 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა - რატომ ვერ იყოფენ ადგილობრივები ლატფარის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას

ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა - რატომ ვერ იყოფენ ადგილობრივები ლატფარის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას. მოსახლეობას შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკლესიის ირგვლივ ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაში აღმოჩნდა. შიშობენ, რომ საძოვრებს მალე ტურისტული ობიექტები ჩაანაცვლებს. მესაკუთრე არაფრის დათმობას არ აპირებს, საერო პრობლემის მოგვარებას კი სასულიერო პირები ცდილობენ. ადგილობრივი ეპარქიები დავის მოგვარების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციას თხოვნით მიმართავენ, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც რაიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს ზუსტად გამიჯნავს.

გადაწყვეტილება მიტროპოლიტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის წარმოქმნილ უთანხმოებაში, ეკლესიის ჩართვის მცდელობა დაინახეს. მიწა, რომლის გამოც ადგილობრივებს შორის დაპირისპირება დაიწყო, ლატფარის უღელტეხილზე მდებარეობს -საუბარია ტაძრის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე. უღელტეხილის ამ წერტილში ზემო და ქვემო სვანეთი ორ ნაწილად იყოფა. დაწყებული დაპირების გამო გუშინ, კიდევ ერთხელ, სწორედ ამ ადგილას, სოფელ კალასა და მამის მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა.

სოფელ მამის მოსახლეობა ამბობს, რომ ტაძარი ლენტეხის ეპარქიას ეკუთვნოდა, მაგრამ ამ ეკლესიაში მოსალოცად მრევლი ზემო სვანეთიდანაც ჩამოდიოდა. სოფელ კალას მოსახლეობა ყოველთვის უკმაყოფილო იყო, რადგან ტაძარი გამყოფ ქედზე მდებარეობს და მაინც ლენტეხის ეპარქიას მიაკუთვნეს. სწორედ ამიტომ, ჯეკო ჯამბურიძემ, ვინც ეკლესია საკუთარი სახსრებით ააშენა, ტაძრის ირგვლივ 3 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საკუთრებად გაიფორმა. კონფლიქტი სოფელ კალასა და მამის შორის, უკვე მიწის ნაკვეთის გამო გამწვავდა.

ჯეკო ჯამბურიძე მიწის ნაკვეთების დათმობას არ აპირებს. ამბობს, რომ ყველაფერი წლების წინ, კანონის სრული დაცვით გადაიფორმა. მან "კურიერის" გადამღებ ჯგუფს, 1925 წლის რუკაც აჩვენა, რომლითაც შესაბამისმა სამსახურებმა მიწების გადაფორმების დროს იხელმძღვანელეს. არსებული შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება. მესტიის მერი დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ მხარეები კონფლიქტის მოგვარებას ცდილობენ. ზემო და ქვემო სვანეთის გამყოფ ქედზე მდებარე ტაძრის ირგვლივ დაწყებული დავა საპატრიარქომდე მივიდა. ცაგერისა და ლენტეხის, ასევე მესტია და ზემო სვანეთის ეპარქიებმა ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელეს. მაღალი იერარქიის წარმომადგენლებმა დახმარება მხარის სამხარეო ადმინისტრაციას სთხოვს.

ეპისკოპოსები პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად სპეციალური კომისიის შექმნაში ხედავენ, სადაც საზღვრის განსაზღვრა მოხდება. საპატრიარქოს განცხადების მიხედვით, ხელისუფლების მიერ ზუსტად დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრებით იხელმძღვანელებენ ეპარქიები, რადგან ზემო და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული საზღვარი, ეპარქიების იურისდიქციის ფარგლებს და შესაბამისად , ამა თუ იმ ტაძრის კუთვნილების საკითხს განსაზღვრავს.

დღის ამბები