საქართველოს პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 აგვისტოს, ქ. ქობულეთში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა რ. ლ.-ს.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, რ. ლ. სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.