სისხლიანი გარჩევა ქობულეთში - ზღვისპირა რეგიონში 21 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მობილური ტელეფონის გამო, დამსვენებლებს შორის დაპირისპირება კლუბ "ჰავანაში" დაიწყო, კონფლიქტი კი ქუჩაში გაგრძელდა. 30 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 2001 წელს დაბადებულ პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
კლუბ "ჰავანაში" ამბობენ, რომ ფიზიკური დაპირისპირება კლუბის შიდა ტერიტორიაზე არ მომხდარა და ხმამაღალი მუსიკის ფონზე მხარეებს შორის სიტყვიერი კამათიც არ გაუგიათ. ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ გაიგეს მომხდარი ფაქტის შესახებ. "კურიერმა" გაარკვია და ადგილობრივებიც ამბობენ, რომ სიტყვიერი კამათი კლუბის ტერიტორიაზე დაიწყო. ეს მოჰყვა მობილურ ტელეფონს - 21 წლის რევაზ ლომსაძე ცეკვავდა, მას დარჩა თავისი კუთვნილი ტელეფონი მაგიდასთან და შეამჩნია, რომ სხვას სურდა მისი მობილურის მითვისება. ამას სიტყვიერი კამათი მოჰყვა, შემდეგ კი სისხლიანი დაპირისპირება ზღვისპირა ზოლზე.
"კურიერმა" გაარკვია, რომ ახალგაზრდა ბიჭი საავადმყოფოში გადაყვანამდე, ადგილზე დაიღუპა. მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
რაც შეეხება ბრალდებულს, იგი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავა, მას ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს. თავდაპირველად გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს, თუმცა ეს მუხლი გადაკვალიფიცირდება.