საზარელი მკვლელობა ნაქირავებ ბინაში, ოზურგეთში გუშინ მოხდა. მეზობლები შემთხვევის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. განსხვავებული ინფორმაცია აქვთ მოკლული ნინო გორგაძის ოჯახში, სადაც ამბობენ, რომ ქალი შველას ითხოვდა, მცირეწლოვანი ბავშვი კი ტიროდა.
მოკლული 38 წლის ნინო გორგაძის ოჯახი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალი ყოფილმა მეუღლემ ჯერ სცემა, შედეგ კი 4 წლის შვილის თვალწინ მოკლა. მათი მონათხრობის მიხედვით, მცირეწლოვანს პერანგი სისხლიანი ჰქონდა.
მოკლული ქალის დედა ამბობს, რომ ყოფილი სიძე მის შვილზე სისტემატურად ძალადობდა. იხსენებს, რომ ძალადობის მსხვერპლმა ქალმა პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც იმედო ტუღუშის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაიცა. ფაქტის გამეორების შედეგ კი, პირი დააკავეს. ოჯახში ძალადობის გამო, პირი ორჯერ არის ნასამართლევი, მან საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.
ნინო გორგაძე ყოფილმა ქმარმა ბასრი საგნით, ე.წ. შტირით მოკლა, რომელიც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით უკვე ამოიღო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულ პირს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს