"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაცია - საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი, სავარაუდოდ სოფიო ხორგუანი იქნება.
"კურიერის" ინფორმაციით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა დამტკიცდება.
საერთო ჯამში, ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველ გუნდს პარლამენტში 84 დეპუტატის ჰყავს.
ინფორმაციას საკუთარ კანდიდატურასთან დაკავშირებით, "კურიერთან" თავად სოფიო ხორგუანი არ ადასტურებს.
"თქვენგან გავიგეთ პირველად, წინა ჯერზე რომ მოხდა არჩევა, მაშინაც თავის მართლების რეჟიმში ვიყავი. მეც არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. არ ვიცი დავაშავე რამე, ოდესღაც სახალხო დამცველის მოადგილე რომ ვიყავი? მაშინაც პირდაპირ ვამბობდი, რომ არ მინდა ეს თანამდებობა და არ ვარ არავის მიერ წარდგენილი, მაშინაც ამ მტკიცებაში ვიყავი," - აცხადებს სოფიო ხორგუანი.