27 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება გრძელდება - სოფლის მეურნეობის სააგენტოებში უკვე გაფორმებულია 1 000-მდე ხელშეკრულება

სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება გრძელდება, უკვე გაფორმებულია ათასამდე ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სააგენტოებში. მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებაზე იყვნენ დამოკიდებული ახლა სატყეო, დაცული ტერიტორიებისა და სურსათის ეროვნულ სააგენტოებში არიან დასაქმებულები. პროგრამა 1 მარტს დაიწყო და ამ დრომდე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა 20 ათასამდე ადამიანი დაასაქმეს. პროგრამის ბენეფიციარს, სამუშაოს მიუხედავად, ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუნარჩუნდება.

ლენა ნანიტაშვილი სოციალური დახმარების მოხსნის შიშით წლების განმავლობაში სამსახურს ვერ იწყებდა, თუმცა სახელმწიფო პროგრამამ მას და სხვა ათეულობით მოქალაქეს, დასაქმების შესაძლებლობა მისცა. პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის შეიქმნა სამუშაო ადგილები ისე, რომ მათ შეუნარჩუნდებათ სახელმწიფო შემწეობა. სოციალურად დაუცველები დასაქმდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რომლის ფარგლებში, ისინი ჩართულნი არიან აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებში. პროგრამის ფარგლებში სააგენტომ უკვე დაასაქმა 464 სოციალურად დაუცველი მოქალაქე.

სოციალურად დაუცველებისთვის 790 სამუშაო ადგილი გამოყო სატყეო სააგენტომაც. უწყების მიერ დასაქმებულ ბენეფიციარებს დღეს ზესტაფონში შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია შეხვდნენ.

ზურაბ აზარაშვილი და ოთარ შამუგია აჯამეთის აღკვეთილშიც იმყოფებოდნენ, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირები მოინახულეს. სააგენტოში, დღეისათვის, დასაქმებულია 144 სოციალურად დაუცველი პირი, აქედან იმერეთის რეგიონში - 50.

პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, 11 აგვისტოს მდგომარეობით უკვე დასაქმებულია 19 743 ადამიანი, საიდანაც 979 ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ებშია გაფორმებული, 335 სხვა სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში, ხოლო 18 429 ხელშეკრულება კი ადგილობრივ თვითმმართველობებში გაფორმდა.

დღის ამბები