27 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
სამშენებლო თაღლითური სქემის მსხვერპლი 7 ოჯახი - მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის შენობების ასაშენებლად კომპანიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს

7 ოჯახი, რომელიც სამშენებლო თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდა - მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის შენობების ასაშენებლად კომპანიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს, წლები გავიდა, თუმცა არცერთი შენობა ამ დრომდე არ დასრულებულა.

თაღლითური სქემის მთავარი შემოქმედი, ოჯახების მტკიცებით, ზურაბ სუდაძეა, რომელმაც წლების განმავლობაში რამდენიმე კომპანია დააფუძნა და ყოველ ჯერზე ახალ მსხვერპლს ახალი კომპანიის ანგარიშზე თანხას არიცხინებდა. დაზარალებულის სტატუსის და საკუთარი თანხის დაბრუნების სურვილით მოქალაქეებმა ყველა საგამოძიებო სტრუქტურას მიმართეს, თავად სუდაძე კი "კურიერთან" ამბობს, რომ მას ფული არ მიუთვისებია და არც კონკრეტული ნაგებობების აშენების დაპირება გაუცია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით თეა ნიგურიანს "შპს ევრო ბლოკ" 2015-ისგან 160 000-ზე მეტი ლარი უნდა მიეღო. თუმცა, დირექტორმა კომპანიის მუშაობა გააჩერა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება თავიდან აირიდა. უკვე წლებია დაზარალებული ოჯახი სასტუმროს მშენებლობისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. პირმა ჯერ ოჯახი მოატყუა, უთხრა, რომ თბილისის მერიისგან მშენებლობის ნებართვა აიღო, წარადგინა სასტუმროს პროექტი და პირველადი სამუშაოები დაიწყო, თანხის მიღების შემდეგ კი გაქრა.

თეა ნიგურიანის მსგავსად, ზურაბ სუდაძემ კიდევ 6 ოჯახი მოატყუა. სულ საუბარია 564 000 ლარისა და 22 000 დოლარის მითვისების ფაქტზე. ოჯახები სხვადასხვა ტიპის სამუშაოსთვის პირს თანხის ნაწილს ხელზე, ნაწილს კი, მათი თქმით, პარტნიორის ანგარიშზე რიცხავდნენ. ასე იყო ვახტანგ ელიოზიშვილის შემთხვევაშიც, რომელმაც რკინის კარის, ღობისა და საცხოვრებელი სახლის ეზოში დამატებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობა ზურაბ სუდაძეს დაავალა. დაზარალებული იხსენებს, რომ მამაკაცი უგზავნიდა ვიდეომასალებს სამშენებლო ობიექტიდან, შემდეგ კი დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდა.

ზურაბ სუდაძემ, ბოლო შპს 2019 წლის ოქტომბერში დაარეგისტრირა. მითითებულ მისამართზე მისვლის შედეგ "კურიერს" არა შპს, არამედ მისი მშობლების კუთვნილი სახლი დახვდა.

სუდაძის დედამ "კურიერს" შვილთან გასაუბრების საშუალება მისცა, რომელმაც ყველა ბრალი უარყო.

თაღლითური სქემის გაშიფვრას ცდილობენ დაზარალებულების ინტერესების დამცველები. ირკვევა, რომ წარსულში ნასამართლევი პირი 2011 წლიდან აფუძნებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, იზიდავს კლიენტებს, ართმევს მათ სოლიდურ თანხას, ან არიცხინებს სხვის ანგარიშზე, ისე რომ მისი სახელი და გვარი არსად ფიგურირებს. მას შემდეგ რაც მისი პასუხიმგებლობის საკითხი დგება, ის წყვეტს შპს-ს ფუნქციონირებას დარეგისტრირებული შპს-ს სახელით და ახალს აყალიბებს. ადვოკატებმა, დაზარალებულების სახელით საგამოძიებო უწყებებს მიმართეს.

ოჯახები, რომლებიც ამბობენ, რომ პირმა მათი კუთვნილი თანხა მიითვისა და სამშენებლო სამუშაოები არ შეასრულა, ვარაუდობენ, რომ არსებობს დანაშაულის გამეორების საფრთხე და დაზარალებულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს.

დღის ამბები