ბრაზილიაში დააკავეს 48 წლის საბინა კოლი ბოგიჩი, რომელსაც ბრალად საკუთარი 82 წლის დედის, ჟენევიევა ბოგიჩის თაღლითურად მოტყუება ედება. დაკავებული ქალის დედა კოლექციონერის ქვრივია, რომლის კოლექციაში არსებული ხელოვნების ნიმუშებისა და საიუველირო ნაწარმის ღირებულება 140 მილიონ დოლარს აჭარბებს. ამის შესახებ CNN წერს.
საბინას დაკავებამ თაღლითობის ფართო ქსელის გამოვლენას შეუწყო ხელი, რომელშიც ექსტრასენსებიც კი იყვნენ ჩართული. საბინას გარდა კიდევ 4 პირი იქნა დაკავებული, 2 კვლავ ძებნაშია.
თაღლითობა 2020 წელს დაიწყო, როდესაც ჟენევიევასთან მივიდა ე.წ. ექსტრასენსი და მისი ქალიშვილის გარდაუვალი სიკვდილი უწინასწარმეტყველა. ჟენევიევა კიდევ რამდენიმე ექსტრასენსთან წაიყვანეს, რომლებიც პოლიციის თქმით, იყენებდნენ პირად ინფორმაციას, რომელსაც მათ ჟენევიევას ქალიშვილი საბინა აწვდიდა, რათა დედამისი მოეტყუებინათ და იძულებული გაეხადათ, მისი მკურნალობისთვის ფული გადაერიცხა.
პოლიციის მტკიცებით, მომდევნო თვეებში ეჭვმიტანილები ჟენევიევას ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ და ის საკუთარ ქალიშვილს სახლშიც კი ჰყავდა გამოკეტილი. საბინამ და მისმა თანამზრახველმა, რომელიც თავს ექსტრასენსად ასაღებდა, სახლიდან ნახატების გატანა დაიწყეს იმის მტკიცებით, რომ ისინი დაწყევლილი იყო, ნეგატიურ ენერგიას ატარებდა და ლოცვების და რიტუალების ჩატარება იყო საჭირო.
საბინასა და მისი თანამზრახველის მხრიდან თითქმის ერთწლიანი სასტიკი მოპყრობის შემდეგ, ჟენევიევამ გადაწყვიტა პოლიციისთვის მიემართა. სამართალდამცავების ინფორმაციით, მოპარულია 16 ნახატი, მათ შორის ცნობილი ბრაზილიელი მხატვრების, როგორიცაა სისერო დიასი, რუბენს გერხმანი და ალბერტო გინარი.
11 ნახატი ოთხშაბათს რიო-დე-ჟანეიროს პოლიციის რეიდი დროს, ექსტრასენსის ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს. 2 ნახატი იქნა აღმოჩენილი სან-პაულოში, გავრცელებული ცნობით, 2 ნახატი ბუენოს-აირესის მუზეუმს მიჰყიდეს, თუმცა ის ჯერ არ უპოვიათ.
პოლიციის განცხადებით, 7 ადამიანი ეჭვმიტანილია წლების განმავლობაში მიმდინარე დანაშაულში. მათ ბრალად ედებათ გაფლანგვა, ძარცვა, გამოძალვა, თავისუფლების იძულებით აღკვეთა და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენა.