27 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
12 რეკომენდაციის შესასრულებლად, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გრძელდება -  უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა ევროპული საბჭოს მეოთხე რეკომენდაციაზე იმსჯელეს

ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ევროპული საბჭოს მეოთხე რეკომენდაციაზე მსჯელობდნენ. სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების გაძლიერება, თემა რომელიც განსაკუთრებით აქტუალური ოპოზიციისთვისაა, თუმცა შეხვედრას მხოლოდ ერთი, გახარიას პარტია დაესწრო. განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობოები და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელები. 

3 საათიან სხდომაზე დასმულ საკითხებს სამუშაო ჯგუფის წევრები , საგნობრივად და დეტალურად მომდევნო შეხვედრაზე განიხილავენ. დღეს კი დაასახელეს ის წინადადებები, რომელიც მათი აზრით, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ეფექტურ მუშაობას ხელს შეუწყობს.

სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა სამსახურების გაძლიერების რეფორმა, 12 რეკომენდაციის მეოთხე პუნქტია და მის განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფის ფორმატში დღეს მმართველ პარტიასთან ერთად, ოპოზიციის ერთი ნაწილი, მესამე სექტორის წარმომადგენლები და  ამ ორი სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ. ყველამ, უწყებების ეფექტური მუშაობისთვის, საკუთარი იდეა წარმოადგინა. სხდომის მონაწილე ოპოზიციამ ჯგუფის წევრებს შესთავაზა შეიცვალოს ამ ორი სამსახურის ხელმძღვანელების შერჩევის წესი.

სამუშაო ჯგუფებში ჩართული ოპოზიციის ერთი ნაწილისგან განსხვავებით, ოპოზიციის მეორე ნაწილი რეკომენდაციების შესასრულებლად ამ ფორმატში მუშაობაზე კვლავ უარს ამბობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები შედეგზე ორიენტირებული არ არის და დროს აჭიანურებს.

ოპოზიციის ამ ნაწილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ მმართველ პარტიაში, სადაც მიაჩნიათ, რომ ოპონენტები ამ ფორმით ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს ჩრდილის აყენებენ.

საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ჯგუფები ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მუშაობას განაგრძობს. მსგავსს შეხვედრებში მონაწილეობას მმართველ პარტიასთან ერთად, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილიც იღებს.





დღის ამბები