რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ საკთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. ნოვოფედოროვკაში ასაფრენი ბილიკები და საბრძოლო მასალების საწყობები იწვის, ამის შესახებ ტელეგრამ არხი "Крым Сегодня. Новости" თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება. თვითმხილველების განცხადებით, პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 15:20 საათზე მოხდა. აფეთქების ხმა კიდევ დაახლოებით 10-ჯერ გაისმა. დაზიანდა ახლომდებარე სახლები. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ნოვოფედოროვკასკენ მიემართებოდა დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანები. ადგილზე გაფრინდა სამედიცინო ვერტმფრენიც.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, თუ როგორ გარბიან დამსვენებლები ნოვოფედოროვკას პლაჟებიდან, ფონზე კი აფეთქების კვალი და კვამლი ჩანს.
ე.წ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნას ურჩევს. ტურისტებმა მასობრივად დაიწყეს ნოვოფედოროვკის დატოვება, დასახლებას ასევე ტოვებს ადგილობრივების ნაწილიც, რის გამოც გზებზე საცობები შეიქმნა.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ყირიმში აფეთქებები ოკუპანტების იმ საჰაერო ბაზაზე მოხდა, საიდანაც თვითმფრინავები ზაპოროჟიეს, მიკოლაივისა და ხერსონის რეგიონების დასაბომბად მიფრინავდნენ ხოლმე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინული ყირიმი 2014 წლის გაზაფხულზე დაიპყრო და ნახევარკუნძული უზარმაზარ სამხედრო ბაზად აქცია.