გიორგი კალანდარიშვილი, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით ცესკო-ს თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. კალანდარიშვილი ფაქტს პოლიტიკურად აფასებს.
საარჩევნო ადმინისტრაციაში დილა იმით დაიწყო, რომ ოფიციალური განცხადება გავრცელდა, რომელშიც პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეფასებულია, როგორც კანდიდატების პროფესიული ღირსების და საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის რეპუტაციის შელახვა.
კალანდარიშვილის კრიტიკა პრეზიდენტის განმარტებას მოყვა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა განცხადებაში თქვა, რომ მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტს არ წარუდგინა, რადგან თვეების წინ, თავად დეპუტატებმა ის ორჯერ დაიწუნეს. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი.
ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ცესკოს მხრიდან მსგავსი განცხადება მიუღებელია, რადგან შინაარსი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტიელბა მიიღო, როცა გიორგი კალანდარიშვილს უარი უთხრა ისევ ებრძოლა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისთვის.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ გუნდში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ. "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა ამ შემთხვევაში გიორგი კალანდარიშვილის მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიას შეუწყო ხელი.
ცესკოს თავმჯდომარის შერჩევას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს. დეპუტატები ორ კანდიდატს რევაზ ეგაძეს და თამარ ალფაიძეს ჯერ კომიტეტების ფორმატში მოუსმენენ, შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე გავა. თუ საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხდა და ვერცერთი კანდიდატი ვერ შეირჩა, კონკურსი განმეორებით გამოცხადდება. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე კი გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.