27 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
როდის დაიწყო ომი - რომელი პოლიტიკური ძალისთვის რა მნიშვნელობა აქვს თარიღებს, რომელზე დავაც წლებია გრძელდება

როდის დაიწყო ომი - ეს საკითხი სადავო მას შემდეგ გახდა, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ, 8 აგვისტოს ნაცვლად დაღუპულთათვის პატივის მიგება 7 აგვისტოს გადაწყვიტა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დღეს 8 აგვისტოს აღნიშვნა, კონფლიქტის რუსული ვერსიის ტირაჟირებაა.

სპეკულაცია და გმირების ხსოვნის დღით მანიპულირება - ასეთია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირების შეფასება. დღეს ძმათა სასაფლაოზე მისულმა პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული აგრესია დაგმეს და ოპონენტებს ციფრებით თამაშისგან თავშეკავება ურჩიეს. უმაღლესი თანამდებობის პირების თქმით, წლების მანძილზე წინა ხელისუფლება ომის თარიღად 8 აგვისტოს ისტორიის სახელმძღვანელოებშიც კი წერდა.

ომის თარიღმა წელს პრეზიდენტისთვისაც ერთი დღით უკან გადაიწია. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ომს სააკაშვილის ხელისუფლების რუსულ პროვოკაციაზე წამოგებას უკავშირებდა, შარშანდელისგან განსხვავებით, ძმათა სასაფლაოს 7 აგვისტოს ეწვია. 8 აგვისტოს ნაცვლად, რუსული სამხედრო ინტერვენცია გუშინ გააპროტესტა ამერიკის ელჩმაც. დიპლომატებისა და პრეზიდენტის მსგავსად, ომის დაწყების თარიღად 7 რიცხვს მიიჩნევს ოპოზიციის ნაწილიც. ამ აზრს არ იზიარებს და თარიღთან დაკავშირებით მსჯელობას უსაგნოს უწოდებს დავით ზურაბიშვილი. ხელისუფლების კრიტიკოსი, დღეს ფაქტს სოციალურ ქსელში განთავსებულ მიხეილ სააკაშვილის ბრძანების ფოტოს ქვეშ გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო.

საერთაშორისო პარტნიორებსა და ოპოზიციას სპარლამენტო უმრავლესობაში უპასუხეს. დეპუტატების თქმით, თარიღით მანიპულირებით, წინა ხელისუფლება დაშვებული შეცდომების დაფარვას ცდილობს. პოლიტიკოსები განმარტავენ, რომ ყველა ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს იმ დღეს, როდესაც დაღუპული გმირების ოჯახები ძმათა სასაფლაოზე მიდიან.

საქართველოში რუსული ჯარის შემოჭრისა და საომარი მოქმედებების დაწყებიდან 14 წელი გავიდა. 2008 წელს ოკუპანტების სამხედრო აგრესია 5 დღეს გაგრძელდა, რასაც ასობით უდანაშაულო მოქალაქისა და სამხედრო პირის სიცოცხლე შეეწირა.

დღის ამბები