27 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
შეეცვლება თუ არა საბრალდებო მუხლი 81 წლის ექიმს, რომელმაც კოლეგა დაჭრა - როგორია თავად დაზარალებულის პოზიცია

ვენდისპანსერში ექიმმა კოლეგას, კლინიკის ხელმძღვანელ გიორგი გალდავას ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ოპერაციის შემდეგ მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. 

კონფლიქტი ვენერელოგოებს შორის ყოფით ნიადაგზე - კაბინეტის შეცვლისა და კონდიცეონერის დამონტაჟების გამო დაიწყო.

რომ არა იარაღის გაუმართაობა, კლინიკის დირექტორი დარწმუნებულია, რომ 81 წლის კოლეგა მას მოკლავდა.

"კურიერმა" "კანვენის" ხელმძღვანელის, დაჭრილი გიორგი გალდავას ჩვენება მოიპოვა, რომელიც მან გამომძიებლებს საავადმყოფოს პალატაში მისცა. დაზარალებული გალდავა მეგობრის მამასთან და კოლეგასთან, თემურ ბეჟანიძესთან დაპირისპირების მოტივად, კაბინეტის შეცვლას და კონდიციონერის დამონტაჟების საკითხს ასახელებს.

დაჭრილი დირექტორი ჩვენებაში დეტალურად აღწერს, როგორ ეცადა ტყვია აეშორებინა, თუმცა მკლავში მოხვდა.

ბრალდებული 81 წლის მედიკოსი ბრალს უარყოფს და მხოლოდ სროლის ფაქტს ადასტურებს. ბეჟანიძე დღეს მოსამართლეს არწმუნებდა, რომ გასროლით მხოლოდ დირექტორის შეშინება სურდა.

მოსამართლემ 81 წლის თემურ ბეჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ბრალდებულის ასაკიდან გამომდინარე, მოსამართლემ საპროცესო გარიგების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

81 წლის ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების ბედი ახლა დაჭრილი ექიმის ხელშია, რომელიც დაკავებულის შვილის მეგობარიც არის. გიორგი გალდავა ამ ეტაპზე ბრალდებულის დასჯას ითხოვს. 

81 წლის თემურ ბეჟანიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. გადაკვალიფიცირდება თუ არა მისი საბრალდებო მუხლი, რომელიც მაქსიმალურ სასჯელად 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, 20 სექტემბერს, სასამართლოში გაირკვევა.

დღის ამბები