27 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
რა გავლენას იქონიებს ახალი შეთანხმებები რუსეთ-თურქეთზე და რეგიონში სამხედრო-პოლიტიკურ გამოწვევებზე - პუტინის და ერდოღანის შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა

უკრაინაში შეჭრის და საერთაშორისო სანქციების ფონზე, რუსეთი ცდილობს, ეკონომიკური კავშირები ახალ ეტაპზე გადაიყვანოს თურქეთთან. სოჭში პუტინსა და ერდოღანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან შეხვედრის დაწყებამდე დააფიქსირა, რომ მათი აუდიენცია ინტერესს არა მარტო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების, არამედ მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის ახლებურად გააზრების კონტექსტშიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეხვდნენ. თურქეთის ლიდერი სოჭში მას შემდეგ ჩავიდა, რაც მან გაეროს შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ხელი შეუწყო და წარმატებით დაიწყო შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვის პროცესი. ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა. რუსეთი და თურქეთი სავაჭრო ბრუნვის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდის საკითხზე შეთანხმდნენ. ხელი მოეწერა ასევე ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების გაღრმავების მემორანდუმს.

სოჭში სამუშაო ვიზიტით ჩასულმა თურქეთის პრეზიდენტმა, არაერთი მადლობა დაიმსახურა ვლადიმირ პუტინისგან, რომლისთვისაც ნატოს წევრ თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დასავლეთის მხრიდან მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის ფონზე.

თურქეთი რუსული გაზის საფასურს რუბლით გადაიხდის - ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელიც ორი ქვეყნის პრეზიდენტების მოლაპარაკების შედეგია. მართალია უკრაინაში წარმოებული ომის გამო, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, თუმცა როგორც ჩანს თურქეთს სხვა სტრატეგია აქვს. მეტიც, რუბლებში ანგარიშწორება ერდოღანის თქმით, ფინანსურად მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. რუსეთის ვიცე პრემიერის შეფასებით კი ახალი შეთანხმება რუსეთ-თურქეთს შორის ახალი ეტაპის დასაწყისია.

სოჭში, პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა, უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, სირიაში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, თურქეთის როლი რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებში - საერთაშორისო მედიის ცნობით, ეს არასრული ჩამონათვალია იმ მნიშვნელოვანი საკითხების, რომელთა შესახებ მსჯელობა ორი ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით შედგა.

დღის ამბები