რუსეთის აგრესია უკრაინაში, დღე 165-ე - დონეცკის ოლქში ბოლო თავდასხმა ისევ მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელ კორპუსებზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ცეცხლის ჩაქრობა ჯერ ვერ ხერხდება.
ქალაქ სოლედარიდან, რომელიც მეხუთე თვეა ფრონტის ხაზად არის ქცეული, მოხალისეებმა მხოლოდ ახლა მოახერხეს ბავშვების ევაკუაცია. მშობლები კი ისევ ცხელ წერტილში რჩებიან იმ იმედით, რომ ომი დასრულდება და შვილებს ისევ ნახავენ.
ვითარება ისევ რთულია ხარკივის ოლქში. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქსა და მთლიანად რეგიონის დასახლებებს არტილერიითა და ავიაციით ბომბავს რუსეთი. სამხრეთ სალტოვკას დასახლებაში განადგურებულია თითქმის ყველა საცხოვრებელი შენობა.
საოკუპაციო ძალები იერიშებს არ წყვეტენ სუმის ოლქზეც. ისევ დაიბომბა ჩერნიჰივი. რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა დონეცკის ოლქში. 2 ადამიანი კი დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიჭრა.
დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქში უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევები მოიგერიეს. რამდენიმე რეგიონში კი კონტრშეტევა მოახერხეს.
ვითარება განსაკუთრებით მწვავეა ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები არ წყვეტენ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას. ქვეყნის პრეზიდენტი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ ევროპა კატასტროფის წინაშე დგას. ექსპერტები კი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ზაპოროჟიე მეორე ჩერნობილი გახდეს.
ხორბლით დატვირთული ოთხი გემი ოდესის პორტებიდან დღეს კვლავ გავიდა. 170 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი იტალიის, ჩინეთისა და თურქეთის პორტებში ჩავა.