27 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
კონდიციონერის პულტის გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა - რა მუხლებით გაასამართლებენ 81 წლის ექიმს, რომელმაც უფროსს მისსავე კაბინეტში ესროლა

ბრალის შემსუბუქების მცდელობამ არ გაამართლა - 81 წლის ექიმს, რომელმაც კლინიკის დირექტორს მისსავე კაბინეტში ესროლა, ორი მუხლით გაასამართლებენ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებას იარაღის უკანონო შენახვა ტარება დაემატა. მაკაროვის სისტემის პისტოლეტი თეიმურაზ ბეჟანიძეს გაფორმებული ჰქონდა თუმცა, ეს მას იარაღის სამსახურში ტარების უფლებას არ აძლევდა. დავა, რომელიც სტაჟიან ექიმსა და მის ხელმძღვანელს შორის ყოფით საკითხზე დაიწყო მძიმე დანაშაულით დასრულდა. ახლა ბეჟანიძის ადვოკატს უკვე სასამართლოში მოუწევს იმის მტკიცება, რომ გასროლის მიზანი არა მკვლელობა, არამედ შეშინება იყო.

კონდიციონერის პულტის გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა - "კურიერმა" კლინიკა "კანვენში" მომხდარი დანაშაულის საქმის მასალები ექსკლუზიურად მოიპოვა. ბრალდებული 81 წლის ექიმი თემურ ბეჟანიძე ჩვენებაში ჰყვება, რომ კლინიკის დირექტორთან წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დაეძაბა.

ბრალდებული მედიკოსის ჩვენებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება დირექტორთან პირისპირ შეხვედრით სცადა. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი გალდავას კაბინეტში ის, მაკაროვის სისტემის პისტოლეტით შეიარაღებული შევიდა. ჩვენების მიხედვით, მას იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა და იარაღს წლების განმავლობაში, საკუთარ კაბინეტში ინახავდა.

დაკავებული მედიკოსი ჩადენილი დანაშაულის ფაქტს ნანობს, თუმცა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებას უარყოფს. ის ადვოკატთან ერთად დაცვის სტრატეგიაზე უკვე მუშაობს და შეეცდება, სასამართლო დაარწმუნოს ბრალის შედარებით მსუბუქი მუხლით გადაკვალიფიცირებაში. თემურ ბეჟანიძეს იზოლატორში დღეს კიდევ ერთი საბრალდებო მუხლი გააცნეს. ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა გამომძიებელმა.

ოფიციალურად არავინ ადასტურებს, თუმცა "კურიერმა" გაარკვია, რომ "კანვენის" დაჭრილი დირექტორი გიორგი გალდავა გამომძიებლებმა პალატაში უკვე გამოჰკითხეს. დაზარალებულის ჩვენება საქმის მასალებშიც ჩაიდო. გადაუდებელი ოპერაციების შემდეგ კოლეგის მიერ დაჭრილი მედიკოსის მდგომარეობა სტაბილურია.

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თემურ ბეჟანიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. პროკურატურა პატიმრობას, ადვოკატი კი, დაკავებული მედიკოსის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს.

დღის ამბები