27 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
81 წლის ექიმს, რომელმაც საკუთარი კოლეგა დაჭრა, ბრალი 2 მუხლით წაუყენეს

81 წლის ექიმს, რომელმაც კლინიკა "კანვენის" დირექტორს სამუშაო კაბინეტში ესროლა, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. იმის მიუხედავად, რომ ადვოკატს მუხლის შემსუბუქების მოლოდინი ჰქონდა, პირიქით თეიმურაზ ბეჟანიძისთვის ბრალდება უფრო მკაცრი აღმოჩნდა. მას იარაღის ნაწილში კიდევ ერთი მუხლი დაუმატეს. ახლა ჯერი მოსამართლეზეა - მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დატოვებენ თუ არა ბრალდებულს წინასწარ პატიმრობაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.

დაკავებულ 81 წლის მედიკოსს ბრალი ოფიციალურად 2 მუხლით გააცნეს. მას ედავებიან საკუთარი კოლეგის კლინიკა "კანვენის" გიორგი გალდავას განზრახ მკვლელობის მცდელობასთან ერთად, ასევე იარაღის უკანონო ტარებას. კერძოდ, საუბარია იარაღზე, რომელსაც გამოძიების ინფორმაციით, თეიმურაზ ბეჟანიძე საკუთარ კაბინეტში ინახავდა და სწორედ ამ იარაღით შევიდა მისი ხელმძღვანელის გალდავას სამუშაო ოთახში და მოახდინა გამიზნებით გასროლა. თუმცა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებას 81 წლის დაკავებული კატეგორიულად გამორიცხავს ისევე, როგორც იარაღის უკანონო ტარებას.

„ადამიანს მკვლელობის მცდელობას უყენებენ, მაგ შემთხვევაში გამოძიება თვლის, რომ ეს იყო დამიზნებით განხორციელებული გასროლა, მაგრამ ბრალდებულის პოზიცია არის სხვანაირი. მას გალდავას მოკვლა რომ ნდომოდა, ამაში არაფერი უშლიდა ხელს და ახლა მაჩვენა მანძილი, დაახლოებით მეტრანახევარი გამოდის, ისროლა კედლის მიმართულებით. როგორც ამბობს, გასროლის დროს გალდავა გაიწია გვერდით და მაგ დროს აქვს მოხვედრილი მკლავში,“ - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა კახა შონიამ.

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორი გამომძიებელმა, რომელმაც თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი ოფიციალურად გააცნო, კომენტარის გარეშე დატოვა.

ცნობილია, რომ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, სადაც ბრალდების მხარე თეიმურაზ ბეჟანიძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. უფლებადამცველი აპირებს სასამართლოს დარწმუნებას, რათა 81 წლის მედიკოსი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლონ.

დღის ამბები