სარეკლამო რგოლი, რომლის გამოც ირანში ქალების რეკლამაში გადაღება აიკრძალა - სარეკლამო რგოლი შეიცავს კადრებს, სადაც ირანელი ქალი ავტომობილის საჭესთან ზის და ნაყინს მიირთმევს.
ირანის კულტურისა და ისლამური ორიენტაციის სამინისტრომ ქალებს აღნიშნული ვიდეორგოლის გამოჩენისთანავე რეკლამაში გამოჩენა აუკრძალა. აკრძალვა, ასევე, ეხება „ქალის გამოსახულების“ გამოყენებას ვიდეორგოლებში.
მედიასაშუალების Iran International მონაცემებით, რომლის ოფისიც ლონდონში მდებარეობს, სამინისტრომ ამის შესახებ ოფიციალურ წერილში ივლისის ბოლოს განაცხადა. წერილი ხელოვნებისა და კინოს სკოლებს გადაეგზავნა.
ირანულ სარეკლამო რგოლებში ქალთა გამოჩენის აკრძალვა უკავშირდება ე.წ. კანონს ჰიჯაბისა და უბიწოების შესახებ.
ირანის უწყებებმა რეკლამასთან დაკავშირებით მოქმედ კანონებს გაუსვეს ხაზი, რომლებიც კრძალავს ქალების, მამაკაცების და ბავშვების ნებისმიერ „ინსტრუმენტალურ გამოყენებას“. აკრძალვა, ადამიანის „ინსტრუმენტად“ გამოყენებასთან დაკავშირებით მუდმივად მოქმედებდა, თუმცა „ინსტრუმენტალური გამოყენების“ ინტერპრეტაცია დამოკიდებულია კონკრეტული პრეზიდენტის ადმინისტრაციების პოლიტიკურ და რელიგიურ შეხედულებებზე" - წერს Iran International.
ქალთა მიერ სარეკლამო რგოლებში მონაწილეობის აკრძალვა ირანში მას შემდეგ მიიღეს, რაც ირანულმა კომპანია Domino-მ გამოაქვეყნა სარეკლამო ვიდეო რგოლი, სადაც ქალი მანქანას მართავს, შემდეგ კი შოკოლადის ნაყინს მიირთმევს. მას ახურავს თავსაბურავი, რომელიც სახის ნაწილს არ ფარავს. იმავე კომპანიის კიდევ ერთ ვიდეო რგოლში ქალს "ნაყინს ადარებენ“.
ირანის უწყებებმა კომპანია Domino-ს წინააღმდეგ საჩივარიც შეიტანეს. ადგილობრივი მორალის პოლიციის განმარტებით, კომპანია Domino-ს ორივე სარეკლამო რგოლი „ეწინააღმდეგება სოციალურ წესიერებას“, „ქალთა ღირებულებებს შეურაცხყოფს“ და ასევე, საზოგადოებაში „უზნეობის პროპაგანდას“ ეწევა.
აღნიშნული ვითარება ისლამური დრეს-კოდის შემოღების და ჰიჯაბის ტარების დავების პარალელურად მიმდინარეობს. ირანში ქალებისთვის ჰიჯაბის გამოყენება აუცილებელი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ გახდა, თუმცა ბევრი მათგანი ამ კანონს არ ემორჩილებოდა.
2022 წლის ივლისში ირანმა უბიწოებისა და ჰიჯაბის შესახებ მკაცრი კანონი მიიღო, რომელიც მათ მიმართაც მოქმედებს, ვინც, ირანის ოფიციალური უწყებების აზრით, ჰიჯაბს "სწორად" არ ატარებს. 5 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ირანელ ქალებს კანონი ავალდებულებს თავსაფრის ტარებას, რომელიც თმებს, კისერსა და მხრებს ფარავს. მორალის პოლიციამ დაიწყო იმ ირანელების დაკავება, რომლებიც ახლადმიღებულ კანონს არ ემორჩილებოდნენ. დაკავებებს მოჰყვა იმ ირანელი ქალების პროტესტი, რომლებიც ჰიჯაბს საკუთარი სურვილით ატარებდნენ.