27 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
"კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია" - ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით სახელწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს

აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

უწყება პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.

წერილში აღწერილია ოკუპაციის შედეგად შემქნილი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი და ნათქვამია, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია.

მინისტრის აპარატი აღნიშნავს, რომ სამშვიდობო პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული ქმედებების აღკვეთისა და ხალხთაშორისი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით.

"14 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით, ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია მოახდინა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას დათანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.
 
საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევით, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ნაბიჯებს, მილიტარიზაციას; ამასთან, გრძელდება ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევა, რაც გამოიხატება ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე, სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვითა და სხვა უკანონო ქმედებებით. საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები კოვიდ-19 პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა ხელოვნურად იზოლირებული მოსახლეობა ახალგორის რაიონში, სადაც ე.წ. "გადასასვლელი პუნქტის" ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა. დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები. ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით ათასს ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირს დღემდე არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.
 
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით ადგენს, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, და შესაბამისად აკისრებს მას სრულ პასუხისმგებლობას მიმდინარე ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე. საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობითა და მჭიდრო კოორდინაციით, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტისა და საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით, განაგრძობს ძალისხმევას ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გამკლავების მიზნით, რათა უახლოეს მომავალში ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყდეს, როგორც ცხინვალის რეგიონის ასევე აფხაზეთის მიმართულებით უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი; პასუხისგებაში მიეცეს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირები; დაცული იქნას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები; შეიქმნას შესაბამისი პირობები დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
 
კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის პირობებშიც კი, საქართველოს მთავრობა მტკიცედ და განუხრელად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას. დეოკუპაციასთან ერთად, ძალისხმევა მიმართულია ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დეპოლიტიზირებული დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ, ნდობის მშენებლობისა და ჩართულობის პროცესის გააქტიურებისკენ; ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შეთავაზებისკენ, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კონტექსტში. სწორედ ამას ემსახურება სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიანი განხორციელება, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მიმდინარე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რაც მიზნად ისახავს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით არსებითი პროგრესის მიღწევას, სტატუს-ნეიტრალური, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული და კონფლიქტით დაზარალებული ხედვების საფუძველზე.
სამშვიდობო პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული ქმედებების აღკვეთისა და ხალხთაშორისი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით," - ნათქვამია უწყების მიერ გავრელებულ ინფორმაციაში. 
დღის ამბები