81 წლის ექიმს, რომელმაც მის უფროსს საკუთარ კაბინეტში ესროლა დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. დიდი ალბათობით, დღესვე გახდება ცნობილი, როდის იმსჯელებს მოსამართლე მის აღკვეთის ღონისძიებაზე. დაკავებული ექიმი თეიმურაზ ბეჟანიძე აღიარებს რომ გიორგი გალდავას ესროლა, თუმცა ირწმუნება, რომ მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.
"მან გაიგო, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან, ამით განაწყენდა, შევიდა გალდავას კაბინეტში და ჰკითხა, თუ რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან. ადასტურებს ფაქტს, რომ მან განახორციელა გასროლა, მაგრამ მას არ ჰქონია დაზარალებულის მოკვლის არანაირი განზრახვა, უბრალოდ ეს გასროლა განახორციელა შეშინების მიზნით. ბრალის წარდგენა აუცილებლად იქნება დღეს. ალბათ პროკურატურა მოითხოვს პატიმრობის შეფარდებას, ჩვენ ამ შუამდგომლობას რა თქმა უნდა არ დავეთანხმებით მთელი რიგი გარემოებების გამო და სასამართლოს შევთავაზებთ გირაოს," - განაცხადა თეიმურაზ ბეჟანიძის ადვოკატმა კახა შონიამ.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსის გიორგი ნიკოლიშვილის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და პალატაში იმყოფება. როგორც მან "კურიერთან" განაცხადა, შეიძლება ითქვას, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მკურნალობა გრძელდება.
"რაც შეეხება გამომძიებლებს, დღეს ჯერ არ დამკავშირებიან, თუმცა მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერ მიზანშეწონილი არ არის პაციენტის დაკითხვა. გუშინ გასაუბრებაზე იყვნენ, ჯერჯერობით, დაკითხული არ არის," - აცხადებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსი გიორგი ნიკოლიშვილი.