27 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
12 პუნქტის შესრულების გეგმა და კვლავ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენილი ოპოზიციის ნაწილი - როგორია პოლიტიკოსების დღის წესრიგი

დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების, ასევე სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით, პარლამენტი ყოველდღიურ სამუშაო პროცესზე გადავიდა. მიმდინარე კვირას, საკანონმდებლო დონეზე დამატებით ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი პროცესში ამ დრომდე არ მონაწილეობს.

პარტიებში, "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო", კვლავ საკუთარი დღის წესრიგის უპირატესობაზე საუბრობენ და მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას არ გეგმავენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტები საშემოდგომო სესიისთვის მომზადდება.

კოლეგების ამ პოზიციას აკრიტიკებენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც საერთო შედეგის მიღწევის შესაძლებლობას, მხოლოდ თანამშრომლობაში ხედავენ. თუმცა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის კოლაბორაციის პერსპექტივა ამ ეტაპზე მათ არარეალურად მიაჩნიათ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპონენტების დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად, რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ. უკვე დასრულებულია მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მართმსაჯულების სისტემაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკას ასახავს. პროცესისგან ოპოზიციის ნაწილის გამიჯვნა, "ქართულ ოცნების" წევრების აზრით, ქვეყნის ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობის მცდელობაა.

ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად, თემატურ სამუშაო ჯგუფების ფორმატში საქმიანობა მომდევნო კვირიდან გაგრძელდება.

დღის ამბები