27 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
პრეზიდენტის მიერ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატებს შორის არყოფნა პოლიტიკური სპექტრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - დაუჭერს თუ არა ხარს მმართველი გუნდი წარდგენილ კანდიდატურებს

გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. სია უკვე დეპუტატების სამუშაო მაგიდაზე დევს. მათ შორის არ არის მოქმედი თავმჯდომარე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ის ორჯერ გახდა სალომე ზურაბიშვილის რჩეული კანდიდატი, თუმცა პრეზიდენტმა ამჯერად გადაწყვეტილება შეცვალა. უფლებამოსილების ვადა გიორგი კალანდარიშვილს 15 აგვისტოს ეწურება. საარჩევო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე კი, მოვალეობას შეასრულებს.

ცესკოს თავმჯდომარეობისთვის პრეზიდენტის რჩეული ორი კანდიდატი იბრძვის. საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ, საკომიტეტო სხდომებზე დეპუტატები, რევაზ ეგაძეს და პროფესორ თამარ ალფაიძეს მოუსმენენ. თამარ ალფაიძემ საკონკურსო კომისიას საკუთარი ხედვები გააცნო, თუმცა მედიასთან დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება რევაზ ეგაძეს, მას საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სწავლების პროცესის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს. ეგაძეს იმედი აქვს, რომ კანონმდებლები მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა სრული კონსესუსით უნდა მოხდეს. ნაწილისთვის კი გაუგებარია, რატომ არ შეაჩერა არჩევანი სალომე ზურაბიშვილმა კალანდარიშვილის კანდიდატურაზე.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მოქმედმა თავმჯდომარემ მაღალი დონის პროფესიონალიზმი აჩვენა. აქედან გამომდინარე, გაუგებარია რატომ შეიცვალა აზრი პრეზიდენტმა კალანდარიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობისგან პასუხი ადეკვატური იქნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი, საშემოდგომო სესიაზე დაიწყება. რა ვადით აირჩევენ კანონმდებლები თავმჯდომარეს, იმაზეა დამოკიდებული, კენჭისყრის დღეს რამდენი მხარდამჭერის მობილიზება მოხდება სხდომათა დარბაზში, თუმცა მანამდე საკომიტეტო მოსმენები იქნება. თუ კანდიდატი პირველ ჯერზე დეპუტატების 100 ხმას მიიღებს, ის თანამდებობაზე სრული ვადით, 5 წლით დაინიშნება. იმ შემთხვევაში, თუ 100-ზე ნაკლები კანონმდებლის ხმა დაფიქსირდება, განმეორებით კენჭისყრაზეც, თებერვლის მსგავსად, დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარეს 6 თვის ვადით აირჩევენ. თუ საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხდა და ვერცერთი კანდიდატი ვერ შეირჩა, ამ შემთხვევაში კონკურსი განმეორებით გამოცხადდება.

დღის ამბები