27 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
მმართველი გუნდისგან პასუხი იქნება ადეკვატური, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში კონკრეტული კანდიდატების განხილვასთან დაკავშირებით - გივი მიქანაძე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე

გაუგებარი და აუხსნელი - ასე აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიორგი გიორგი კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატიდან მოხსნის თაობაზე. მმართველი გუნდის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა  ომის პარტიის ნარატივზე აგებული ქმედებების განხორციელება დაიწყო. 

"გაუგებარი და აუხსნადია პრეზიდენტის ეს პოზიცია. გამომდინარე იქედან, რომ ის კანდიდატი, ვინც ასრულებდა ახლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, არა მარტო კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, მან კონკრეტული ტესტი გაიარა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ პირდაპირ იქნა აღიარებული, როგორც მაღალი სტანდარტით ჩატარებული და მართვადი არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ხოლო რატომ მოიქცა ასე პრეზიდენტი, ალბათ აქ რაციონალური ახსნა  და მიუკერძოებელი ახსნა ამას არ აქვს, აქ ჩვენ საქმე გვაქვს პრეზიდენტის მხრიდან მიკერძოებულ დამოკიდებულებასთან," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, პრეზიდენტის ქმედების საპასუხოდ ისინი არ ჩაერთვებიან კენჭისყრაში, კონკრეტული კანდიდატების განხილვასთან დაკავშირებით.

"ეს არის ძალიან უცნაური და უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რაც მიუთითებს მხოლოდ ერთზე, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, პრეზიდენტი პრეზიდენტი ჩაერთო იმ ნარატივის განხორციელებაში, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი შენაერთები ახორციელებენ. შესაბამისად მმართველი გუნდისგანაც პასუხი იქნება ადეკვატური, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში, კონკრეტული კანდიდატების განხილვასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ სრულიად უარგუმენტოს და უსაფუძვლოდ ომის პარტიის ნარატივზე აგებული ქმედებებით ახორციელებს პრეზიდენტი კონკრეტულ ქმედებებს," - აცხადებს გივი მიქანაძე. 

ცნობისთვის: პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე პარლამენტს რევაზ ეგაძის და თამარ ალფაიძის კანდიდატურები გადაუგზავნა. ხოლო მოქმედ თავმჯდომარეს ვადა 15 აგვისტოს ეწურება. ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კი პარლამენტში ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურებია გადაგზავნილი.

დღის ამბები