6 000-ზე მეტი მხოლოდ ბოლო ორ კვირაში. აშშ-ში “მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. სწორედ ეს საგანგაშო მაჩვენებელი და ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკა გახდა მიზეზი, რატომაც ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პრობლემის მიმართ ყურადღების მეტად გამახვილების გარდა მეტი რესურსის მობილიზებას ისახავს მიზნად. პირველ რიგში ვაქცინაციის პროცედურების დაჩქარებას და შესაბამისი რაოდენობის დოზების მომარაგებას. ამერიკის ჯანდაცვის უწყებამ უკვე გაავრცელა 600 000-ზე მეტი ვაქცინის დოზა და გააფართოვა ტესტირებაც, თუმცა მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი გამოწვევად რჩება. აქცენტი სამიზნე ჯგუფებზე კეთდება. მთავარ რისკჯგუფს ჰომოსექსუალი წყვილები წარმოადგენენ, თუმცა მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი ნებისმიერ პირს ეხება.
მღელვარების მიზეზი მთელ მსოფლიოში არსებობს. ამერიკასთან ერთად „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი სწრაფად ვრცელდება ყველა კონტინენტზე. მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც. რაც შეეხება საქართველოს, აქ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შემთხვევაა გამოვლენილი. მისი იზოლირება და მკურნალობა დროულად მოხერხდა და გავრცელება არც კონტაქტებს შორის მომხდარა. იმის მიუხედავად, რომ დღეისათვის არცერთი აქტიური შემთხვევა არ გვაქვს, ქართველი ინფექციონისტები მოსახლეობას სიმტომების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ამასთან მიაჩნიათ, რომ მსოფლიო ტენდენციის გათვალისწინებით ქვეყანამ ვაქცინის მარაგის შექმნაზე უნდა იზრუნოს.
გამონაყარი კანზე, სახსრების ტკივილი სისუსტე და მაღალი ტემპერატურა - ეს არის ძირითადი სიმპტომები რაც მაიმუნის ყვავილს ახასიათებს. გადამდებია ძირითადად მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით და ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დასრულდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვირუსის გავრცელება გლობალური რისკია. აშშ-მდე მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა.