სასტიკი ძალადობის ფაქტი ერთ-ერთ რეგიონში - ბავშვზე მამინაცვალი, მამინაცვლის მამა და მამინაცვლის შვილი წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდნენ. გოგონა ჩვენებაში ჰყვება, რომ 6 წლის იყო, როცა მასზე იძალადეს, თუმცა მუქარის გამო სიმართლე ვერ გაამხილა.
"არ მეუბნებოდა ჩემი შვილი, იმიტომ რომ ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ დედაშენს ოჯახი დაენგრევაო, ჩემი ქმარი ეუბნებოდა, ჩვენი საიდუმლო იყოს, დავიღუპებით, ეს რომ თქვაო. იმისი ბავშვი ემუქრებოდა, ძმაკაცებში სახელს გაგიტეხავო...
მამამთილს უთხრა [ჩემმა შვილმა], შენი შვილიშვილი და შვილი ასეთ რამეს მიკეთებენო, უთხარი ნუ აკეთებენო. [მამამთილმა უპასუხა] ისწავლი, რომ გაიზრდებიო, გასათხოვარი ხარ და გეცოდინება ყველაფერი, გასწავლიანო.
ვითხოვ სამართალს, რომ ინვალიდი შვილი დამიჩაგრეს მთელი 9 წელი და იმათ მოიხადონ სასჯელი. რომ გამოვიდნენ ციხიდან არცერთს არ ვაცოცხლებ," - ამბობს 14 წლის გოგონას დედა "კურიერთან".