ომის 161-ე დღეს, უკრაინაში სარაკეტო სისტემებითა და ჭურვებით, საზღვაო ქალაქი მიკოლაევი იბომბება. მიწასთან არის გასწორებული სამოქალაქო ობიექტები. დაზიანებულია სახლები, სავაჭრო სივრცეები და ქარხნები. ძლიერი ხანძარი გაჩნდა ქალაქის ერთ-ერთ უბანშიც, რის გამოც მოსახლების ევაკუაცია განხორციელდა.
მტერი უტევს ხარკოვის ოლქსაც, რომელიც დღეს დილით დაიბომბა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მძიმე მდგომარეობაა დონეცკის ოლქშიც, სადაც ოკუპანტების თავდასხმას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავდა 7. სარაკეტო იერიშის დროს დაზიანდა საბავშვო ბაღი და ეკლესია.
უმაღლესი რადას კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, რუს კოლეგასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მიზეზი ოლენოვკაში მომხდარი აფეთქებაა, რა დროსაც 53 სამხედრო ტყვე დაიღუპა. დეპუტატი ამბობს, რომ უკრაინულ მხარეს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იქ არსებულ მდგომარებასთან დაკავშირებით. ოფიციალური კიევი მხოლოდ ვარაუდობს, რომ აფეთქება ბანაკის შიგნით მოხდა, რაც რუსულმა მხარემ დაგეგმა.
დღეს ბოსფორში, სპეციალური დერეფნის გავლით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი ხომალდი ჩავიდა. სწორედ ეს თემა იყო უკრაინის პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემაც. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სასურსათო კრიზისი სპეციალურად გამოიწვია, ხორბლის, სიმინდისა და ნავთობის მარაგები კი იარაღად გამოიყენა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელების რაოდენობამ 3 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. ქვეყანაში, რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 140 000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი თავდასხმების შედეგად განადგურდა.