27 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას და რომელი ყოფილი დეპუტატები განიხილებიან სახალხო დამცველის პოსტზე - კანდიდატების გვარები

დაიკავებს თუ არა ორი ყოფილი დეპუტატიდან ერთ-ერთი სახალხო დამცველის თანამდებობას - "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არც თამარ ჩუგოშვილი და არც ზაზა ხუციშვილი არ ადასტურებენ. მათი კანდიდატურების გარდა მედიაში დღეს ნინო ლომჯარიას შემცვლელად ნიკოლოზ თათულაშვილიც დასახელდა.

განიხილავენ თუ არა, ჩუგოშვილისა და ხუციშვილის კანდიდატურებს საკანონმდებლო ორგანოში?! კითხვას დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც უპასუხა. შალვა პაპუაშვილი პერსონებზე საუბარს ნაადრევს და პროცესისთვის დამაზიანებელს უწოდებს. სპიკერის თქმით, პარლამენტი ომბუდსმენის შერჩევის პროცესში ევროკომისიის რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებს.

"კურიერის" ინფორმაციას შეფასებები მოყვა ოპოზიციურ სპექტრშიც. პოლიტიკოსები პერსონებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია მმართველმა ძალამ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესი არ შეაფერხოს. ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების მზაობას ვერ ხედავენ.

კანდიდატების საკითხის შეჯერებაზე, ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსესუსისთვის მზადაა. დღის ბოლოს ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერებმაც ისაუბრეს.

სახალხო დამცველს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა წლის ბოლოს ეწურება. კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატის დასამტკიცებლად 90 ხმაა საჭირო, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალას პარლამენტში დამოუკიდებლად არ აქვს.

დღის ამბები