27 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი კომპანია "კრედიტ სუისთან" დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებას შვეიცარიელი კანონმდებლებისა და საბანკო საზედამხედველო სტრუქტურებისთვის გეგმავს

ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი კომპანია "კრედიტ სუისთან" დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებას შვეიცარიელი კანონმდებლებისა და საბანკო საზედამხედველი სტრუქტურებისთვის გეგმავს.

ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბანკის არაკეთილსინდისიერი მოქმედება კლიენტების ინტერესებთან ერთად, დარტყმას შვეიცარიული საფინანსო სიტემის რეპუტაციასაც აყენებს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კუთვნილი თანხის განკარგვაზე პრობლემების შექმნა, ბენეფიციარის უფლებების აშკარა დარღვევაა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ინტერესების დამცველმა დღეს ისიც თქვა, რომ არ არის გამორიცხული მათ ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან საკვანძო მიმოწერაც გამოქვეყნონ, რადაგან საზოგადოებამ თავად შეაფასოს, რამდენად გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს ფინანსური ინსტიტუტი.

"განზრახული გვაქვს მივმართოთ შვეიცარიის პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე როგორც საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. "კრედიტ სუისი" არის შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანური ბანკი, არის მისი სისტემის შემქმნელი. აქედან გამომდინარე, ის დარღვევები, რასაც ადგილი აქვს ჩვენს საქმეზე და არამარტო ჩვენს საქმეზე, ვფიქრობთ რომ საჭიროებს და მოითხოვს კანონმდებლის მხრიდან მეტ ყურადღებას და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან მეტ ყურადღებას.

ჩვენთვის გაკვირვებას იწვევს, თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს იმ დარღვევებს, რასაც ჩვენს საქმეზე ადგილი აქვს, რომ მენეჯმენტის დამოკიდებულება არამარტო საკუთარი საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, არამედ ზოგადად შვეიცარიული საბანკო სისტემის მიმართ, რა თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ, კითხვებისა და არცთუ უსაფუძვლო ეჭვების მიზეზია.

კიდევ ერთი სიახლე, რაზედაც ჩვენ განცხადებაში ვთქვით, ეს არის ალბათობა, შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ ასევე განვიხილავთ, რომ გამოვაქვეყნოთ, გავასაჯაროვოთ კრიტიკული კომუნიკაცია - ესეც ნაკარნახევია სრულიად ჯანსაღი დამოკიდებულებით საკითხისადმი, რომ აუდიტორიას არ შეექმნას შთაბეჭდილება და წარმოდგენა, რომ ჩვენ რაღაცას ვიგონებთ, რომ რაღაც საკითხები არის საჩვენო ინტერპრეტაციის საკითხი; არის კონკრეტული დოკუმენტები, რაზეც დაფუძვნებული იქნება ჩვენი პრეტენზია და ჩვენი, ასე ვთქვათ, უკმაყოფილება ბანკის მხრიდან მოქმედებით", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

დღის ამბები