27 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
"თუ ვინმე რჩება პროცესის გარეთ, ეს მათი პრობლემა უფროა, ვიდრე სამუშაო ჯგუფის ნაკლი " - არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე

12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად, პარლამენტში ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი იმ პუნქტზე იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც ეხება ზედამხედველობის გაზრდას, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად მუშაობისთვის. მოცემულ საკითხს "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან და ამბობენ, რომ თუ ვინმე რჩება პროცესის გარეთ, ეს მათი პრობლემა უფროა, ვიდრე სამუშაო ჯგუფის ნაკლი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სამუშაო პროცესი საკმაოდ ინკლუზიურია იმისთვის, რომ ცვლილებების განხილვა ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მოხდეს.

"ჩვენ შევეცდებით, რომ ინკლუზიურად, ყველას მონაწილეობით, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ამ სამუშაო ჯგუფში განვიხილოთ ის კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც კიდევ უფრო ქმედითს გახდის პარლამენტის რეგლამენტს და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის საპარლამენტო მუშაობის პროცესს. სამუშაო პროცესი არის საკმაოდ ინკლუზიური იმისთვის, რომ ჩვენ დეტალურად დავამუშაოთ შესაძლო ცვლილებები. ის პოლიტიკური ჯგუფი თუ პარტია, რომელიც რჩება ამ შემთხვევაში პროცესის გარეთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს უფრო არის მათი პრობლემა, ვიდრე სამუშაო ჯგუფის ნაკლი. 

ევროპარლამენტარების დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი და მოწოდება მათ მიმართ გახლდათ, რომ ჩაერთონ სამუშაო პროცესში, ვინაიდანაც საქმე არ ეხება რომელიმე პარტიული დღისწესრიგის განხორციელებას, ეს არის საკითხები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებში გახლავთ და უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციას", - თქვა  თალაკვაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, სამუშაო ჯგუფი ეფექტურად გამოავლენს თუ სად რა მიმართულებით უნდა მოხდეს ცვლილებები, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გასაუმჯობესებლად. 

"12 პუნქტთაგან ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით აუცილებელია, რომ შესწავლილი იქნას საკითხი, სად რა რამდენად ეფექტურად, რამდენად გამართულად მუშაობს, სად არსებობს გამოწვევები და განვითარების შემდგომი მიმართულებები გამოიკვეთება აქედან. ამის მიხედვით, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება ჩატარებული შეფასების მიმართულებით და ნათლად გამოჩნდება სად რა უნდა განვითარდეს და გაუმჯობესდეს", - ამბობს სარჯველაძე.

დღის ამბები