გუდაურთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები სამხედრო პატივით დაკრძალეს. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, მათ ოჯახებს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.
ისინი სამინისტროს I ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" დაჯილდოვდნენ.
პრემიერის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები, მატერიალური დახმარების სახით 100 ათას ლარს მიიღებენ. დაკრძალვის ცერემონიამდე თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ოჯახის წევრების მოთხოვნით, 8-ვე დაღუპული სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე ისინი ახლობლებმა, მთავრობის წევრებმა, პოლიტიკოსებმა, მოქალაქეებმა და კოლეგებმა გააცილეს.
სახანძრო, სამაშველო, ავიაციის, თავდაცვის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ძალების წარმომადგენლებმა ცოცხალი დერეფანი შეკრეს და კოლეგებს ასე დაემშვიდობნენ.