შეერთებულ შტატებში ქართველი პიანისტის ტრაგიკული გარდაცვალება, ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. 70 წლის მარინა გაბუნია ლონგ აილენდზე მდებარე საკუთარ სახლში, ძაღლმა სასიკვდილოდ დაგლიჯა - ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციამ სხვა ყველა საეჭვო ვერსია პირველივე წუთებიდან გამორიცხა. ირკვევა, რომ პიტბულს 7 წლის განმავლობაში ზრდიდა მარინა გაბუნიას ვაჟი, რომელიც ორი კვირის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. პატრონის გარდაცვალების შემდეგ, ძაღლი აგრესიული გახდა. პიტბულმა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელზეც სცადა თავდასხმა, რის გამოც ძაღლი იქვე მოკლეს. ერთ-ერთი სამართალდამცავი კი, რომელმაც შემთხვევის ადგილზე ნანახით შოკი მიიღო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პიტბულის მიერ მარინა გაბუნიაზე თავდასხმა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მისი დახმარება ვერც მეუღლემ და ვერც მეზობლებმა შეძლეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ მანამდე ძაღლს არავისთვის უკბენია. აღმოჩნდა, რომ ავარიაში პატრონის გარდაცვალების შემდეგ, ძაღლი საჭმელსაც აღარ ჭამდა და გარდაცვლილი მამაკაცის ტანსაცმელზე ეძინა.
მომხდარით გაოგნებულები არიან მარინა გაბუნიას მეგობრები და კოლეგები. მათ ნაწილს ფაქტის შესახებ საუბარიც კი უჭირს.
მარინა გაბუნია წლებია ამერიკაში ცხოვრობდა და სხვადასხვა სამუსიკო და საბალეტო აკადემიაში საქმიანობდა. ის აქტიურად თანამშრომლობდა "სიტი ბალეტის" და ბროდვეის ცნობილ სოლისტებთან.