27 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერები კახეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის კახეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც, ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის უმრავლესობის წევრები, თავით მათიკაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული, ნინო იობაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს, ასევე საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.

რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.

"ასეთი შეხვედრები იმართება ინტენსიურად ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ პარტიის ხელმძღვანელებს საშუალებას გვაძლევს, რომ ვიცოდეთ ყველა დეტალი როგორ ფიქრობენ, რა შენიშვნები აქვთ პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და ძალიან გვადგება მუშაობაში ეს ამბავი. ჩვენც ვუზიარებთ ჩვენს აზრებს, ხედვებს და ძირითადად აქ არის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, პარტიის სამომავლო გეგმებზე საუბარი, რაც საბოლოო ჯამში ძალიან პოზიტიურად აისახება პარტიის საქმიანობაზე," - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ლიდერები კახეთში, პარტიის წარმომადგენლებთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პარტიულ გეგმებს განიხილავენ.

"შეხვედრები გრძელდება რეგიონებში. დღეს კახეთის რეგიონის წარმომადგენლებს ვხვდებით, ჩვენი აქტივის, საკრებულოს წევრებს, მერებს და გვექნება საუბარი აქაც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ასევე პარტიულ გეგმებზე," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები