სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე, ვითარება დაიძაბა. მიზეზი კოსოვოს მთავრობის მიერ სერბეთის მოქალაქეებთან და კოსოვოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სერბებთან დაკავშირებით შემუშავებული საკანონმდებლო ნორმებია, რომლებიც ძალაში დღეიდან უნდა შესულიყო.
სამი ნორმიდან ერთი, კოსოვოში შესვლის მსურველი სერბებისთვის, საზღვრის კვეთის აღმრიცხველი დამატებითი დოკუმენტების გაცემას ითვალისწინებს. მეორე მოთხოვნა ვიზიტორებისთვის ვადიანი საავტომობილო ნომრების აღებაა.
მესამე ნორმა, უშუალოდ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ ეთნიკურ სერბებს ავალდებულებს, კოსოვოს სახელმწიფო სერიის მქონე საავტომობილო ნომრები აიღონ. ამ წესების საწინააღმდეგოდ გასულ ღამეს სწორედ კოსოვოელმა სერბებმა პროტესტი გამოხატეს. გადაკეტეს გზები და პოლიციას ცეცხლიც გაუხსნეს. ამ დროისთვის, ვითარების განმუხტვა მოხერხდა, რაც კოსოვოს მთავრობის კომპრომისის შედეგია. მათ ჩამოთვლილი წესების ამოქმედება მინიმუმ სექტემბრამდე გადაავადეს. მომხდარს ორაზროვანი განცხადებით გამოეხმაურა სერბეთის პრეზიდენტი, რომელიც ეთნიკურ სერბებს მხარდაჭერას აღუთქვამს.
"დარწმუნებული ვარ, კარგი ამბები გვექნება. იმედი მაქვს, რომ იქნება დეესკალაცია და ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ახალი კომპრომისული გადაწყვეტილებებით. უახლოეს დღეებში ალბათ ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაუჭირა სერბეთს, მათაც, ვინც იყო მართალი და გამოთქვა სწორი შეხედულება. ძალისხმევა იხარჯება დაძაბულობის დასამშვიდებლად. რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს", - აცხადებს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი.