28 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ვინ არის მამაკაცი, რომელმაც 68 წლის ქალი მოკლა - სიღნაღში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

კახეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ამ დროისთვის არსებული ერთადერთი ვერსიით, სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი მისმა მეზობელმა შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. მათ შორის ყელის არეში. შსს ინფორმაციით ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევია, პოლიციამ ის მკვლელობიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. ადგილობრივებს მკვლელობის მოტივთან დაკავშირებულ ვერსიებზე საუბარი უჭირთ.

ქალს ცივი იარაღით ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. 80 წლის მეუღლემ მეზობლების დახმარებით სასწრაფო გამოიძახა, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ლეილა ბეგიაშვილი მედიკოსების ადგილზე მისვლამდე გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, მეზობელმა, მამუკა მოკვერაშვილმა ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა შემდეგ კი მიიმალა.

წარსულში ნასამართლევი 42 წლის მამუკა მოკვერაშვილი სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს უახლოეს საათებში ბრალს წარუდგენენ და შემდგომ, აღკვეთის ღონისძიებაზე სიღნაღის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამ დრომდე უცნობია. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. მოტივზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებსაც. მეზობლები ყვებიან, რომ მსხვერპლსა და თავდამსხმელს შორის წარსულში უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია. მეტიც, თავდამსხმელზე საუბარი უჭირთ, რადგან ის სოფელ ჯუგაანში ახალი დასახლებულია, ხოლო გარდაცვლილს, დადებითად ახასიათებენ.

ჯუგაანში მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები