28 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
5 ცხედარი ერთ საცხოვრებელ სახლში - გლდანში მომხდარი ტრაგედიის მიზეზად ნამწვის დაგროვება ექსპერტიზამაც დაადასტურა

გლდანის მეორე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში CO-ს დაგროვების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე შეწყვიტეს. სპეციალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ერთი ოჯახის 5 წევრის გარდაცვალების მიზეზი, გაუფრთხილებლობა გახდა. ტრაგედიის ადგილზე მუშაობა დაასრულეს "თბილისი ენერჯის" სპეციალისტებმაც. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათი რეკომენდაციაა არ იყოს გამოყენებული ღია წვის დანადგარები, ისევე როგორც გაზქურის ღუმელი გათბობის მიზნით. "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში არსებობს ერთადერთი ვერსია, რომელიც CO-ს დაგროვებას უკავშირდება.

ახალგაზრდა ცოლ-ქმრის, ასევე, მათი 5, 6 და 12 წლის შვილების ცხედრები ბინაში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც 2 დღის განმავლობაში ნათესავის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. ირკვევა, რომ ირაკლი შანიძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში საცხოვრებლად ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიდა. მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახში შესულ მაშველებს გაზის ღუმელი ჩართული დახვდათ.

გარდაცვლილი ირაკლი შანიძის ოჯახის წვერები ხობში ცხოვრობენ. ახალგაზრდა კაცი ოჯახთან ერთად თბილისში სამუშაოდ, რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა.

უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს ენერგოომბუდსმენი. სალომე ვარდიაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ გაზის ღუმელის გამოყენება ბინის გათბობის მიზნით სიცოცხლისთვის საშიშია და გარკვეულ რისკებს წარმოადგენს. მსგავსი ფაქტების მიმდინარე წლის სტატისტიკა მძიმეა, ბოლო ერთ თვეში CO-ს დაგროვებით მხოლოდ თბილისში უკვე 6 ადამიანია გარდაცვლილი.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

დღის ამბები