28 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში მერიამ დღეს ოჯახებს ის საცხოვრებელი ფართები დაუკანონა, რომლებიც წლების წინ თვითნებურად დაიკავეს

99 ოჯახი საკუთრების უფლებით - ნაძალადევის რაიონში მერიამ დღეს ოჯახებს ის საცხოვრებელი ფართები დაუკანონა, რომლებიც მათ წლების წინ თვითნებურად დაიკავეს.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის პროექტის ფარგლებში, 2017 წლიდან დღემდე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა უკვე 2 500-მდე ოჯახმა მიიღო. ხოლო მათ, ვინც საცხოვრებელი ფართის დაკანონება ამ დრომდე ვერ შეძლეს, საჭირო დოკუმენტაციის მისაღებად რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ.

ნათელა გაფრინდაშვილი ერთ-ერთია, რომელმაც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მიიღო. ამბობს, რომ 20 წლის შემდეგ საკუთარ სახლში ყოფნის განცდა პირველად აქვს. ყვება, რომ ამ წლების მანძილზე ყველაფერი პირადი სახსრებით შექმნა, თუმცა ბინის დაკარგვის შიში ყოველთვის ჰქონდა. ნაძალადევის რაიონში მასთან ერთად დღეს კუთვნილი ბინა კიდევ 99 ადამიანს დაუკანონდა, მათ შორის მათ ვინც შენობაში უსახლკაროს სტატუსით შევიდა.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ასეთი სულ 2 500-მდე ოჯახია. კახა კალაძე ამბობს, რომ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემა მომავალშიც გაგრძელდება.

ბინით უზრუნველყოფა გაგრძელდება მათთვისაც, ვისაც ჯერჯერობით დოკუმენტი არ მიუღია. გამგებლის თქმით პროგრამა რამდენიმე ფაზად არის დაყოფილი და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემა ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის პროგრამა 2017 წლიდან მოქმედებს. ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით ასეთი 2 000-ზე მეტი დოკუმენტია გაცემული, ქონების საერთო ღირებულება 300 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

დღის ამბები