28 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
როდის და როგორ ფორმაში დაუბრუნდება "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მოედანს - საკითხი სავარაუდოდ ხვალ გაირკვევა

როდის და როგორ ფორმაში დაუბრუნდება "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მოედანს? - ეს საკითხი თავად პარტიის წევრებსაც აინტერესებთ. რომან გოცირიძე ერთ-ერთია, რომელიც ბოიკოტის შეწყვეტის მომხრეა. საინტერესოა, დეპუტატი გუნდის შიგნით უმცირესობაშია თუ უმრავლესობაში? თუმცა ფაქტია, რომ ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჯაროდ წერს. დამატებით განმარტებებს კი მედიასთან არ აკეთებს.

რას აკეთებს "ნაციონალური მოძრაობა" ახლა და რატომ გაჭიანურდა ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღება? - პარტიის სხვა წევრები ვერ მალავენ, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არის. ამბობენ იმასაც, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიას მეტი აქტიურობა და ორგანიზებულობა მართებს. ფრაქციის თავმჯდომარე იმასაც ადასტურებს, რომ გარკვეული მოქმედებებისთვის საკანონმდებლო საქმიანობაც საჭიროა.

"ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ სტრატეგიას პარტიის წევრების გარდა ფრაქციაში შემავალი დეპუტატებიც უწუნებენ. თაკო ჩარკვიანი, რომელიც ჯერ პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი იყო, სააკაშვილის გუნდს ახლა ბოიკოტისთვის საყვედურობს. აკრიტიკებს იმისთვისაც, რომ ქუჩის პროტესტის მუხტი დაეცა. ოპოზიციის ნაწილი კი ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტი ბოიკოტიც არ არის და მას რეალურად სხვა ფაქტორი განაპირობებს.

მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე საუბრობს მმართველი გუნდიც, სადაც კიდევ ერთხელ მიანიშნეს "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არსებულ დაპირისპირებასა და კრიზისზე.

სამომავლო გეგმების შესახებ "ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალურ ოფისში ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბება. მიმდინარე კვირაში ერთი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, ერთი კი გადაიდო.

ამჯერად მაინც თუ მიიღებს პარტია კონკრეტულ გადაწყვეტილებას და საით გადაიხრება ხმათა უმრავლესობა, საპარლამენტო საქმიანობის მომხრეებისა თუ მოწინააღმდეგეებისკენ, ხვალ გაირკვევა.

დღის ამბები