28 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიცია ისევ ბოიკოტს უცხადებს - რატომ არ არის ნახსენები დოკუმენტში რუსეთი

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, პროექტის შემუშავებიდან მესამე დღესაც ოპოზიცია ისევ ბოიკოტს უცხადებს. რატომ არ არის ნახსენები დოკუმენტში რუსეთი? - ეს ის მთავარი მიზეზია, რის გამოც ხელისუფლების ოპონენტები მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას ხელს არ აწერენ, თუმცა გამოთქვამენ იმედს, რომ საკომიტეტო განხილვების დროს "ქართულ ოცნებასთან" გარკვეულ კონსენსუსს მიაღწევენ.

საუბრისთვის მზად არის მმართველი პარტიაც, თუმცა ოპოზიციის არგუმენტაცია, რის გამოც ისინი დოკუმენტის მხარდაჭერას არ აპირებენ, მათთვის მიუღებელია.

"ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ რეზოლუციის შინაარსი დიპლომატიურად სწორია და ის უკრაინის მხარდაჭერას ასახავს. ოპოზიციის კრიტიკა მმართველი გუნდისთვის სპეკულაციის მორიგი მცდელობაა. 

პარლამენტში დარეგისტრირებულ რეზოლუციას არა, თუმცა უკრაინის მხარდასაჭერ პეტიციას ოპოზიციის ნაწილმა ხელი უკვე მოაწერა. იდეა "დროას" ეკუთვნის და მას "ლელო", "გირჩი", "რესპუბლიკური" პარტია და "სტრატეგია აღმაშენებელი" უერთდებიან. 

"დროას" მიერ შემუშავებული პეტიცია მმართველი პარტიისთვის კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ოპოზიციის დესტრუქციულ ინტერესებზე ისაუბროს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სწორედ მათ მიერ შემუშავებული რეზოლუცია გმობს ესკალაციას და მხარს უჭერს უკრაინას. 

მომდევნო კვირას უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის პროექტი ბიუროზე დაინიცირდება, რის შემდეგაც საკომიტეტო განხილვა დაიწყება.

დღის ამბები