28 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
რუსი ოკუპანტები სოფელ მეჯვრისხევთან უკანონო ბორდერიზაციას ახორციელებენ - მათ ახალი თხრილი სასაფლაოსთან ახლოს გაავლეს

რუსეთი უკრაინის პარალელურად საქართველოსთვისაც იცლის, თუმცა ამჯერად წინა ხაზზეა რუსული ტრაქტორები. საოკუპაციო რეჟიმი ქართულ საძოვრებზე თხრილებს აფართოებს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონო ბორდერიზაცია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

საოკუპაციო ხაზთან ქართული მხარე პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს რუსეთის ფედერაციას და რეაგირებას საერთაშორისო პარტნიორებისგანაც ითხოვს. სოფელ ჯარიაშენში დღეს "კურიერი" იყო ჩასული.

2008 წლის შემდეგ თხრილები უკვე 10 მეტრით არის გადმოწეული.

სოფელ ჯარიაშენში რუსმა ოკუპანტებმა კილომეტრნახევრიანი თხრილი სასაფლაოსთან ახლოს გაავლეს. რუსული ტრაქტორი სოფელში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.

სოფელ ჯარიაშენის ბაღები და საძოვრები რუსმა ოკუპანტებმა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში შემოღობეს, ამჯერად თხრილები კიდევ 10 მეტრით გადმოწიეს.

ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივებმა ხეებზე შებმული თეთრი ლენტები შენიშნეს. აქ ვარაუდობენ, რომ ამით ოკუპანტები სამომავლო უკანონო ბორდერიზაციის მიზნით პერიმეტრს ნიშნავენ.

უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სუს-ში აცხადებენ, რომ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს. რუსი ოკუპანტების ქმედებას ბრიუსელიდან გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

შიდა ქართლში ოკუპანტების გააქტიურებაზე თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ავტორი: ავთო გვასალია

დღის ამბები