28 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
მოსკოვი მიწის გაყინვას ელოდება - რას უყვებიან "კურიერს" უკრაინელი სამხედროები

ვაშინგტონი კიევს აფრთხილებს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრება. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ეს ჯო ბაიდენის და ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე მესამე სატელეფონო საუბარია.

"მოემზადეთ დარტყმისთვის" - მთელი დღეა საერთაშორისო მედია ცდილობს გაიგოს უთხრა თუ არა ეს ფრაზა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგას. ეს ინფორმაცია ემთხვევა სამხედროების ერთი ნაწილის გათვლებს, რომ რუსეთი სამხედრო ტექნიკის ადვილი გადასროლისთვის მიწის გაყინვას ელოდება.

დათოვლილ სანგრებში სამხედროებს დღეში რამდენჯერმე უწევთ გავლა. კონფლიქტის ზონაში ახლა სიმშვიდეა, თუმცა მუდმივია ომის საფრთხე. "უკრაინა ბრძოლისთის მზად არის" - აღნიშნავენ სამხედროები.

მოსკოვში თქვეს, რომ თუ ეს რუსეთზეა დამოკიდებული, "ომი არ იქნება" - მაგრამ არც მათი ინტერესების იგნორირებას დაუშვებენ. ამ შემთხვევაში ლავროვი დასავლეთს სხვადასხვა ზომებით დაემუქრა, რომელსაც პუტინი სამხედრო სპეციალისტების მიერ მომზადებულ წინადადებებზე დაყრდნობით მიიღებს. კრემლი პასუხის პასუხისთვის ემზადება.

დასავლურ სანქციებს მოსკოვი ურთიერთობების გაწყვეტის პროპორციულად განიხილავს. მიუხედავად ამისა, მოკავშირეები უკან დახევას არ აპირებენ. მეტიც, დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში თქვეს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში "ჩრდილოეთ ნაკადი 2" წინ არ წაიწევს. იყო სხვა კითხვებიც, მათ შორის საქართველოზეც.

ბაიდენი დღეს ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. დაადასტურა, რომ აგრესიის შემთხვევაში შტატები გადამწყვეტი პასუხისთვის მზადაა. ბაიდენმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ შესაძლოა შეჭრა თებერვალში მოხდეს. საფრთხის პარალელურად აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს NATO. ალიანსი უკრაინაში კოლექტიურ ჯარებს არ შეიყვანს, თუმცა კიევს ყველანაირ დახმარებას ჰპირდება.

ვიდრე პროცესი პუტინის გადაწყვეტილების მოლოდინშია, კიევი ყველა სკეპტიკოსს მოუწოდებს, რომ წარსული გამოცდილება არ დაივიწყონ და რუსულ საფრთხეს ადეკვატურად უპასუხონ.

დღის ამბები